ავტორი:

ბექა მინდორაშვილი, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილი მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო, წარსულში ყაჩაღობასა და ადამიანების დაჭრაზეა ნასამართლევი - დეტალები პროცესიდან

ბექა მინდორაშვილი, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილი მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო, წარსულში ყაჩაღობასა და ადამიანების დაჭრაზეა ნასამართლევი - დეტალები პროცესიდან

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

  • დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

  • როგორც საქმის პროკურორი აცხადებდა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი კრა.

ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.

პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, ადგილიდან მიმალვა სცადა და ის სამართალდამცავებმა შეაკავეს. ამას გარდა, პროკურორის თქმით, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის უმჯობესია, პატიმრობაში იმყოფებოდეს.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: