უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.
ასევე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.
"პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ", - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
"ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან მაღალია ასეთი მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვართ აქ, როგორც ფაქტების დამდგენი მისია, იმისთვის, რომ ვნახოთ სიტუაცია ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების საპოვნელად ჩვენი მისიის შემდეგ. ჩვენ გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს, უფრო ხმამაღალი და უფრო მეტად მხარდამჭერი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძობთ, ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტშია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა:
"ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ და აქ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს, ხალხის, ვინც ქუჩებში გამოდის და ჩვენ აქ ამიტომ ვართ. თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა, მაშინ ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ. მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის თავისუფალი ხმისა და დემოკრატიული ხმის ჩახშობაში მონაწილეობს. მკითხეთ, შეიძლება თუ არა სანქციები პასუხი იყოს? შეიძლება იყოს. ჩვენ ამას ვხედავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების მთელი რეჟიმი გვაქვს და თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოშიც ამ ეტაპზე ვართ, მაშინ მსგავსი რეჟიმის ამოქმედება შეიძლება“, - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.
წაიკითხეთ ასევე: