ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინური მედიის ცნობით, დაბომბვა ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში განხორციელდა და დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
შეგახსენებთ, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით და შეერთებული შტატების მხარდაჭერით მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რამდენიმეთვიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ღაზის სექტორში ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასის“ შეიარაღებული პირები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა. ამასთან „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა 250-მდე მძევალი. პალესტინის ხელისუფლების ცნობით, ისრაელი-ჰამასის ომს 44 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.