ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა მარიამ კვერნაძე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.
მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზირებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუკში“ წერს, რომ"კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა“.
„თბილისის მერიის სისტემაში 30 ათასამდე თანამშრომელია, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ფუნქციებს ასრულებს, ვისი გაშვებაც უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევს ქალაქის. დანარჩენი ე.წ. პარტიულ/ნეპოტისტური ბალასტი არც საქმეს აკეთებს და არც ხმის ამომღებია. ამიტომ მეტი სოლიდარობა ერთმანეთში, ვინც რეალურად მუშაობთ და კალაძე იძულებული იქნება თქვენი ხმა მოისმინოს, სხვა შემთხვევაში ასე ძალადობრივად ეცდება სისტემის გაწმენდას არაპარტიულად მორჩილი ხალხისგან.
თბილისის მერია, გააკეთეთ განმარტება რა ხდება მერიის სისტემაში”, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე.