"ჩვენ, ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს, თურმე ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია ჩვენ ყველას", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს, სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელებიც და ის ხალხი, ვინც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე, ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს. ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, ეს მოგვჩვენებია ჩვენ ყველას და თურმე არაფერი არ არის. სინამდვილეში კი ეს ადამიანები შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტი შესაბამის ნორმას მიღებს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბელგიაში, დანიაში, საბერძნეთში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ექნება „გარკვეული დაზღვევა, რომ მედიამ სრულფასოვნად მოახერხოს მუშაობა ისე, რომ ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ შეექმნას“.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვასთან ერთად, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს. კერძოდ, პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.