ავტორი:

"ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე" - რა დეტალებს ჰყვება პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრაზე

"ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე" - რა დეტალებს ჰყვება პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრაზე

ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.

  • "რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს გუშინ შეხვდა.

"დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში,“ - დაწერა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პლატფორმა X-ზე.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”.

"კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად. ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.