ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი გიგა გვენცაძე საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს:
"დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ყველა გზა რომ მიდის, იქიდან ერთ-ერთით, მარადიულ ქალაქში ვიყავით...
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ნაპოლის დუბლების თამაშზეც ვარ ნამყოფი - თასზე, რომში "ლაციოსთან" თავიდანვე წაგებულ თამაშს ვგულისხმობ. რომა-ლეჩეს დროს კი ნამდვილი სტადიო ოლიმპიკო და ტიფოზებიც ვნახე.
ფეხბურთის თამაშის მცდელობა რუსთაველზეც ვნახეთ. დაგდებული ადამიანის თავით რომ ცდილობდნენ არაადამიანები.
სამწუხაროდ, რაც არ უნდა მომხდარიყო მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ხდება.ომს ვუფრთხით სხვასთან და დიდი რისკია მივიღოთ საკუთარ თავთან.რაც ვართ და როდესაც მათი არსებობა შევიტყვეთ, მას შემდეგ, იქეთ ვიყურებით. იქაურობა გვიზიდავს, გვხიბლავს.იქ გვინდოდა, გვინდა და გვენდომება.
ჩვენ ვინ ვართ, ეს საქართველოს არჩევანია - ჩვენამდე დიდი ხნით ადრე გაკეთებული და გადაწყვეტილი. მაგრამ იქაურობის აქ გადმოტანას ჯერ ვერ ვახერხებთ, არ გამოგვდის, მაგრამ იმედია, რომ შევძლებთ...ვინც არ უნდა მოინდომოს, როგორც არ უნდა მოინდომონ, ჩვენ ვერ გავხდებით ვერც ბელარუსები და ვერც ვერანაირი ფერის რუსები.ჩვენ ქართველები ვართ! დიდება და გამარჯვება საქართველოს!", - წერს გიგა გვენცაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ხშირად სრულდება სპეცრაზმის მიერ დარბევით. ამ დროის განმავლობაში დააკავეს ათობით ადამიანი, ასევე ნაცემია ათობით მოქალაქე. ნიღბიანი, უცნობი პირები 7 დეკემბერს თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.