ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დღეს, დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
"ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა. მას გადაცემული არ ჰქონდა პირადი ჩხრეკის ოქმი, იზოლატორში რომ შევედი, ისიც კი არ იცოდა, თუ რას ედავებოდნენ და რატომ იყო დაკავებული, შესაბამისად, მისთვის არანაირი უფლებები არ განუმარტავთ, ჩხრეკის ოქმის ასლიც არ ჰქონდა გადაცემული. გუშინ საღამოს გავიგე, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. როგორც გამომძიებელმა მითხრა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, ჯერჯერობით არ იციან, რა ნივთიერებაზე და რა რაოდენობაზეა საუბარი. ნიკასთან კონსულტაციის შემდეგ, რა ფაქტობრივი გარემოებებიც მომიყვა, თუ როგორ განხორციელდა მისი ჩხრეკა და ამოღება, მეც ეჭვი მეპარება, რომ მას რამე ჰქონოდა. გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, თუმცა ნაწილი არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ არის“, - განაცხადა ლომინაძემ.
ლომინაძის განმარტებით, ნიკუშა კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო. მას ჟურნალისტმა დაკავების შემდეგ უთხრა, რომ სამართალდამცავები გზაში არა ნარკოტიკებზე, არამედ იმაზე ესაუბრებოდნენ, რომ „ის აქციებზე დადიოდა“.