ავტორი:

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებული, ხმაური იყო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებული, ხმაური იყო

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებული, ხმაური იყო.

  • პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

უცნობია, ვინ გამოიყენა პიროტექნიკა, თუმცა აქციის მონაწილეები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ ეს არ გააკეთონ.

უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიასთან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩაზე, მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ხოლო თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განალაგეს, ასევე ავტობუსები, სადაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებიან.

  • მომიტინგეები საკუთარ პროტესტს პერიოდულად სასტვენებითა და სხვადასხვა შეძახილებით გამოხატავენ, ასევე სკანდირებენ: „საქართველო“. მათ რამდენჯერმე გამოიყენეს პიროტექნიკა, პოლიციის მისამართით კი ლაზერი.

ცოტა ხნის წინ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბესიკის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრებს თავს უცნობი პირები დაესხნენ. ასევე, თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

  • განახლება 00:46

პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

ამასთან, ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მათ უკან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.