ავტორი:

"ძალიან ცოტა ვართ ქართველები საიმისოდ, რომ "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" იყოს" - რას წერდა 3 დღის წინ ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა და ავარიამ იმსხვერპლა

"ძალიან ცოტა ვართ ქართველები საიმისოდ, რომ "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" იყოს" - რას წერდა 3 დღის წინ ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა და ავარიამ იმსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დღეს, გამთენიისას ავტოავარიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.

გარდაცვლილი ელზა მებურიშვილია. ის "ჯიპიაი ჰოლდინგის" თანამშრომელია. კომპანიამ სამძიმრის წერილიც გაავრცელა.

მებურიშვილი თავადაც დადიოდა ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციაზე. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მან 3 დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ძალიან ცოტანი ვართ ქართველები საიმისოდ " სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი რომ იყოს".... ის, რომ არ გესმით ადამიანები აქციაზე დგომით მარტო თავისი კი არა თქვენი ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობენ, არა უშავს, მაშინ როდესაც თქვენ "ახლის შიშით" შეჩვეულ ჭირს ეგუებით... შენ "დეგრადირებულო ქართველო", როცა უნარი არ გაქვს უკეთესობისკენ შეცვალო შენი ყოფა და ჭაობში ზიხარ და თან ამით კმაყოფილი ხარ!

კმაყოფილი ხარ იმით, რომ 12 წელია სოციალურად დაუცველის სტატუსი გაქვს და არქიპოზე ლოცულობ!.... არა გრცხვენია მაინც?! სოციალურს რომ აიღებ და "გარყვნილ" ევროპაში მიდიხარ სამოგზაუროდ არც მაშინ გრცხვენია?! არც ჩემი არ გრცხვენია 24/7- ზე რომ ვმუშაობ და შენ გინაწილებ, ზუსტად გინაწილებ ჩემს გამომუშავებულ თანხას სოციალურის სახით!...

განათლება არ გაქვს, გონება არ გაქვს! სირცხვილის გრძნობა არ გაქვს! მაგრამ თანაგრძნობის უნარი სად წაიღე? შენი თანატოლი გოგო-ბიჭები, შენი შვილის თანატოლები! შენი შვილიშვილის თანატოლები რომ იწამლებიან და იჭყლიტებიან, ენა როგორ გიბრუნდება იმის სათქმელად რომ "ღირსები არიან"... ღმერთს მაინც ახედე, ვაი და რას გიმზადებს ხვალ ბედისწერა. მნიშვნელობა არა აქვს ვის მხარეს დგანან, რისი სერავთ ან სწამთ! ადამიანები არიან.... თქვენი სისხლი და ხორცი დგას იქ... და, ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი.... მეგობრებზე არაფერს ვამბობ! თქვენი სისხლი და ხორცი იხრჩვება იქ, იმდენი სინდისი მაინც იქონიოთ იქნება რომ, ჩუმად ყოფნით მაინც დადოთ პატივი" - წერდა ელზა მებურიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: