ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა". ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა.
ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობდა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მათ შორის, 3 000, 5 000, 8 000, 10 000- ლარიან გირაოს შუამდგომლობდნენ.
ადვოკატების თქმით, დაკავებულებს "ფეისბუქ პოსტებს" ედავებიან და "მოტანილი მაკულატურით 21 წელს მიუღწეველი პირები ციხეში არ უნდა გაუშვან".
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“ეს ბავშვები სისასტიკით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე ისჯებიან - ეს ადამიანები ტყუილად არიან დაკავებული და სასამართლომაც ცხადყო, რომ ის არის არა სასამართლო, არამედ საყასბო! არის “ტროიკა“ ერთი ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც არც სამართლებრივი და არც მორალური წითელი ხაზი არ გააჩნია!“ - აღნიშნული შეფასება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული გიორგი გიორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გააკეთა.
“მე ამას პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ვერ დავარქმევ, რადგან ფიზიკურად შუამდგომლობა არ არსებობს. ეს არის ქაღალდზე დაწერილი და შესაბამისი ფორმით ამობეჭდილი პროკურატურის აბდა-უბდა, რასაც შუამდგომლობასთან კავშირი არა აქვს - შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს!
ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეა, რომელსაც ქართული ენა არ ესმის. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რაზეც პასუხი მე ვერ მოვისმინე, ორმა ადამიანმა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რა ენაზე შეიძლება ერთობლივი ქმედება დააორგანიზონ? პროკურორმა ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა და სამართლებრივი აბსურდი თქვა - ალბათ ეს არის ფარცხალაძის დოქტრინა, რომ არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. ეს დაახლოებით იგივეა, მე ადამიანის მკვლელობა დავგეგმო, ფურცელზე დავწერო, რომ ვიღაცის მოკვლა მინდა, მერე ეს ადამიანი სხვა პირმა, ვისაც მე საერთოდ არ ვიცნობ, სხვა ქალაქში მოკლას და ორივე ჯგუფური მკვლელობისთვის დაგვიჭირონ. ეს ხომ იურიდიული აბსურდიც აღარ არის.
რაც შეეხება იმ ადამიანებთან დაკავშირებულ ბრალდებას, ვინც “ფეისბუქზე“ ლაივს აკეთებდა, ამბობენ, რომ მათ საჯაროდ გამოხატეს სურვილი და განზრახვა იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდოდათ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების ცვლილება უნდა. ბუნებრივია, ამაზე საჯაროდ საუბარი საშიში არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, პასუხისმგებლობას დანაშაულის განზრახვის გამოვლენაც კი არ იწვევს, რაც არის პირველი კურსის პროგრამა. პირველი კურსის კაზუსია - მე რომ ვთქვა, რომ ვიღაცის მოკვლა მინდა, ეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს თუ დანაშაული არ ჩავიდინე და თუ დანაშაულის მომზადება ან მომზადების მცდელობა არ არის სახეზე. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მომზადება და მცდელობა სახეზე არ არის. ოფიციალურადაც ამას ამ ადამიანებს არ ედავებიან.
საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს - მტკიცებულებაა ერთი პირის მიერ ჩაწერილი “ლაივი“, დაახლოებით ამ შინაარსით: - მეგობრებო, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და არის აქციაზე გადაღებული რამდენიმე კადრი, სადაც დაფიქსირებული პირები რეალურად არ ჩანს. არ ჩანს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პირები რაიმე სასწაულს აკეთებენ. ბრალის დადგენილებიდან არ ჩანს თუ რას ედავება პროკურატურა ადამიანებს, რომლებიც დააკავეს და რომლებიც ისჯება. შესაბამის კითხვაზე პროკურორმა ამიხსნა, რომ ამ ადამიანებს ედავებიან ქვის სროლას ზოგადად პოლიციის მიმართულებით, თუმცა არც ზიანი და არც რაიმე შედეგი არ დამდგარა და გარემოზე რაიმე ეფექტი - ვინმე სხვა პირის ნივთზე ან ქონებაზე არ მოუხდენია.
პროკურატურა სიმღერასავით იმეორებს ზოგად თეზისს, რომ თურმე რაღაცები დაზიანდა და სადღაც ხანძარი გაჩნდა, ოღონდ ამას ე.წ. კარწინკისათვის აკეთებენ და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს არ აბრალებენ, რომ ეს ყველაფერი მათ გამოიწვიეს", - განაცხადა ადვოკატმა.
ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით, დაკავებულია 1 პირი.
ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.
იხილეთ ასევე: