ავტორი:

“საქართველოში დემოკრატია დასრულდა... ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით“ - მოძრაობა “დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე

“საქართველოში დემოკრატია დასრულდა... ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით“ - მოძრაობა “დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე

“მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით“, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.


  • მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია.

“საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი",- განაცხადა ცეცხლაძემ.


მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ- მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ.


“მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?" - განაცხადა ცეცხლაძემ.


დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.


  1. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  2. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.


ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.


ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.