შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი უკვე ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით.
"ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკის ვგულისხმობ. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც ის იმყოფება. ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება და ყველაფერს გაანალიზებს, რა პროცესები და ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურება, რაც დღეს სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, საქართველოში უამრავი უკრაინელი ოჯახია ჩამოსული, რომელიც გამოექცა იმ უბედურებას და იმ ომს, რაც უკრაინაშია. ყველა ამ ოჯახს, პატარას, რომლებიც უამრავი ბენეფიტებით სარგებლობენ, გავაგრძელებთ ამ ოჯახების მხარდაჭერას, თანადგომას და ეს იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი იმაზე, რაც ზელენსკიმ გააჟღერა“,- აცხადებს კალაძე.
ამასთან, კალაძე გამოეხმაურა ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი განცხადება საინტერესო არაა.
"არ ვიცი, არაა საინტერესო ალადაშვილი. მეც ვნახე აღნიშნული განცხადებები. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რა ფეხბურთზეა საუბარი, სად თამაშობდა საერთოდ? ალბათ, როდესაც უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო. არ ვიცი“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა ალადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კახა კალაძის „მთელს უკრაინას შერცხვა".
"ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე“,- წერს ალადაშვილი.
ნახეთ ასევე: