ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება" - ირაკლი კობახიძე

"სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება" - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს "უკვე სამი პარასკევი აქვს დარჩენილი“.

"ეს ქალბატონი აქტუალური აღარაა. დღევანდელ დღეს თუ გამოვაკლებთ, სამი პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, მას უფლებამოსილების ვადა მალე ამოეწურება. სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმის, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება. პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში; პირდაპირ ჩართეს კამპანიაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ ჩართეს ლიბერალურ ფაშიზმში; პირდაპირ ჩართეს სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა იმას, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი.

ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან სკოლის ბავშვებს პირდაპირ მოუწოდა, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა, თუმცა როცა ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი არ არის გასაკვირი. რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს, მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. ჩვენ შეგვიძლია მას თანავუგრძნოთ ამ თვალსაზრისით. რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა არ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, იძულებული ხარ, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაში. ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.