ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში, გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კურსი შეცვალოს, გააჩეროს მსვლელობა საქართველოსი, რომელიც ბოლო პერიოდში აჩქარდა და უფრო იმედიანი გახდა, ვიდრე წინა წლებში - არავის აქვს მანდატი ამისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ რა ნაბიჯებს დგამს საზოგადოების გასაერთიანებლად, გამომდინარე იქიდან, რომ “კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის გარანტი”.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ჯერ არჩევნების არალეგიტიმურობა იხილა, შემდეგ კი მანდატის არალეგიტიმურობა, რითაც “პრემიერმა ესოდენ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო”.
“დემოკრატიაში არსებობს ერთი კანონი და მთავარი განმსაზღვრელი, ეს არის ხალხის ნება. როდესაც ხალხის ნება ვერ გამოიხატება იმ ერთადერთი ფორმით, რაც არსებობს დემოკრატიულ წყობაში - არჩევნებით და როდესაც ხალხს აქვს განცდა, რომ არჩევნები და ხმა წაართვეს, ძნელია გაერთიანებაზე ისაუბრო. მაგრამ რჩება პრეზიდენტის როლი, რომ გახდეს ამ გაერთიანების ერთ-ერთი გზა. ასეთი გზა არსებობს ერთი - ეს არის არჩევნების გამეორება მაშინ, როდესაც არჩევნებმა გამოიწვია ის, რაც ვნახეთ - მასიური პროტესტი. ხალხი ვერ ხედავს, რომ მისი ხმა იყო ასახული ამ არჩევნებში და ასევე, არჩევნების მერე მოხდა ის, რომ მისთვის არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია ერთპარტიული მთავრობა. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, ყველა ინსტიტუცია, გარდა პრეზიდენტისა ერთი პარტიის ხელშია და იმ ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კურსი შეცვალოს, გააჩეროს მსვლელობა საქართველოსი, რომელიც ბოლო პერიოდში აჩქარდა და უფრო იმედიანი გახდა, ვიდრე წინა წლებში.
არავის აქვს მანდატი იმისთვის, რომ ეს შეცვალოს. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ზომა გამოიყენოს, რომ ეს ევროატლანტიკური კურსი დააჩქაროს. ზედიზედ მივიღეთ ერთი - არჩევნების არალეგიტიმურობა და მეორე- მანდატის არალეგიტიმურობა, რითაც პრემიერმა მიიღო ესოდენ განსხვავებული გადაწყვეტილება. რომელიც აღქმულია საზოგადოებაში, როგორც საქართველოს მიბრუნება რუსეთისკენ.
ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იყო მიღებული პარტნიორებიდან, დააფასა ჯერ პუტინმა შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა, დუგინმა. მთელი რუსეთის ლიდერებმა მიულოცეს პრემიერს ასეთი გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვის რევოლუციაა. 30 წელი და არა მხოლოდ, ამ მიმართულებით მივდიოდით. 2 საუკუნე და მეტია, რაც საქართველოს საზოგადოება და ელიტა სხვადასხვა ფორმით იბრძოდნენ და იბრძვიან, რომ საქართველო გამოეყოს რუსეთის გავლენასა და კონტროლს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზეც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არის ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
მისი თქმით, ემიგრანტები დემონსტრაციებს მართავენ, რადგან ისინი არჩევნების შედეგებით ძალიან გაბრაზებული არიან.
"მტკიცებულება არის ქუჩაში, მეტი რა გინდათ? მე არ ვარ მტკიცებულებების დამლაგებელი, მაგრამ არასამთავრობო, სადამკვირვებელო ორგანიზაციებმა, ყველამ მოაგროვა ძალიან ბევრი მტკიცებულება და ეს მტკიცებულებები არის სტრასბურგში. ასევე, მე შევიტანე საკონსტიტუციო სასამართლოში 2 მიმართულებით სარჩელი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეხება იმას, თუ რატომ არ საუბრობდნენ არჩევნებში ფარულობის და სხვა სახის დარღვევაზე პირველივე დღეებში, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ წინასწარ არჩევნების გაყალბებაზე ვერ ისაუბრებდნენ, რადგან დასადგენი იყო.
"თქვენ ისეთ რამეს ამბობთ, ე.ი. პოლიტიკური
პოზიცია უნდა ყოფილიყო, წინასწარ რომ გვეთქვა, გაყალბებული იქნებოდა არჩევნები? სანამ გაარკვევ, რომ სადღაც შეცდომა არის, სადღაც ისე მოხდა, ეს არ არის სისტემური. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სისტემური იყო და ეს ყველგან ხდებოდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ყველგან სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით დაფიქსირდა დარღვევა.
"აღარაფერს ვამბობ, რაც ხდებოდა დიასპორასთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ვიყავი ჩართული. 6 თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა ცესკოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ უარს ამბობდა, არცერთ შეხვედრაზე არ მოდიოდა, მე არ მეხებაო. თურმე ისე ეხებოდა, რომ საგარეო უწყების თანხმობის გარეშე, არავინ აძლევდა საშუალებას ცესკოს, (რომელიც, ალბათ, შეთანხმებული იყო, მაგრამ მაინც) ცესკო-ს არ ჰქონდა საშუალება, სადმე დამატებითი უბანი გაეხსნა. ჩვენ გვყავს დიასპორაში მცხოვრები ერთ მილიონზე მეტი ადამიანი და 34 ათასმა ადამიანმა შეძლო, რომ ხმა მიეცა. საზღვარგარეთ 46 ქალაქში არის ჩვენი ემიგრანტების დემონსტრაციები. ეს რას ნიშნავს? ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გაბრაზებული არიან. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავანთ ოჯახებს ეხმარებიან და როცა ლაპარაკი არის ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ არჩევნებში, როცა ქვეყნის ბედი წყდება, როცა არის ან რუსეთი ან ევროპა, ამ შემთხვევაში, ეს დიასპორაც ძალიან მოწადინებული იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.