"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
როგორც მალაშხიამ სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ის არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს.
"მართალი გითხრათ, აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ მეგონა, შსს-ს წარმომადგენელი [იყო]. დიახ, შსს-ს ორი წარმომადგენელი იყო დარბაზში. ამას რა აზრი აქვს. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, რას აპირებენ. არ ვიცი, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რამე გამაჩერებს მე ან სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც უფრო სასტიკი ფორმებით ხდება სამართლებრივი და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმს ნამდვილად დავასრულებთ იმიტომ, რომ არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები და არც ხალხი”, - განაცხადა ნანა მალაშხიამ და აღნიშნა, რომ უფრო მეტად მოტივირებულია იმისთვის, რომ “რუსული რეჟიმის დასრულებაში” მონაწილეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, მათ შორის აქცია გაიმართა მელიქიშვილის გამზირზე, თსუ-სთან. აქციის მიმდინარეობისას გზა არაერთხელ გადაიკეტა, სწორედ გზის ერთ-ერთი გადაკეტვის შემთხვევაში ცნო ნანა მალაშხია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.