ავტორი:

“ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“ - ირაკლი კობახიძე

“ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“ - ირაკლი კობახიძე

“ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, “ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს “სისტემური უხეში ძალადობა“ საერთაშორისო სუბიექტებს არ დაუგმიათ.

“ჩავარდნილი “ნაცმაიდნის“ შემდეგ, ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები არიან გადასული იმაზე, რომ რამენაირად მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის [მიაყენონ] გარკვეული ზიანი ბიზნესის საქმიანობას და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის, ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, “ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით,რომ ეს სისტემური უხეში ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს. ძალადობის არავითარი დაგმობა, რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც აშშ-ის წარმომადგენელ შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც ვიხილავთ. რა თქმა უნდა, არ დაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება,როგორც “მწვანე შუქი“ ძალადობაზე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.