აქციის მონაწილეებმა, რომლების დასაშლელადაც პოლიციამ ისევ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტრომდე მსვლელობა მოაწყვეს. ამის გამო გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა.
პროტესტანტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ "დელისთან“ დასრულდა.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაშლა 03:30 საათისთვის განაახლა, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი აქცია იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც "ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობდა. ძალადობის სამიზნედ იქცა მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელიც.
3 დეკემბრის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
სისხლის სამართლის ბრალდებით კი 5 ადამიანია დაკავებული.
მომიტინგეების თქმით, ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
იხილეთ ასევე: