საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით.
“გამოძიებით ასევე, დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1-ელ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/IPN