ავტორი:

"კობახიძესთან დებატების ფორმატი ძალიან მარტივია: 1/1-ზე ან იმის გათვალისწინებით, რომ მზადყოფნა მიხეილ ჯანელიძემაც გამოთქვა, 2/2-ზე" - თინა ხიდაშელი

"კობახიძესთან დებატების ფორმატი ძალიან მარტივია: 1/1-ზე ან იმის გათვალისწინებით, რომ მზადყოფნა მიხეილ ჯანელიძემაც გამოთქვა, 2/2-ზე" - თინა ხიდაშელი

ფორმატი ძალიან მარტივია: - 1/1-ზე, მივდივართ ნებისმიერ ტელევიზიაში და საჯარო დებატების ფორმატში ვსხდებით - ირაკლი კობახიძის მხრიდან ნებისმიერი სხვა ფორმატის შემოთავაზება პრემიერის პოსტზე მისი ლეგიტიმაციის აღიარების მოთხოვნაა, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებ! - ასე პასუხობს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს“.

როგორც ხიდაშელმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ კობახიძის შეთავაზებაზე მზაობა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც გამოთქვა, მისაღებია, დებატები ორი-ორზე იყოს და “კობახიძეს შეუძლია, ვინც სურს, ის წამოიყვანოს“.

“არ ვიცი, რას ნიშნავს, 11 ან 12 მოვიდნენ?! ეს ხომ არ არის შეხვედრა ჟურნალისტებთან? ამ წუთის მდგომარეობით მე ამ ადამიანს ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრად არ ვაღიარებ - ჩემთვის მისი მანდატი იმ დღეს დამთავრდა, რაც ეს მანდატი შეუჩერდა. ის, რომ სადღაც კანცელარიაში დაგვიძახოს და შეხვედრა, როგორც პრემიერ მინისტრმა ისე ითხოვოს, ამით გარკვეულ ლეგატიმაციას მივცემთ. მე ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.

კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჯარო დისკუსიის მსურველ სუბიექტებს კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს შესთავაზებენ.

“ძალიან მალე ოფიციალურ განცხადებას გამოვაქვეყნებთ, სადაც შეგვიძლია მათ კონკრეტული დრო და ფორმატი შევთავაზოთ. ჩემი მიდგომა არის ასეთი - სამი სუბიექტია - ჯანელიძე, ხიდაშელი და “გირჩი“. მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის გამავლობაში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.