ავტორი:

"მინდა შევაჯამო ჩავარდნილი "ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი..." - ირაკლი კობახიძე

"მინდა შევაჯამო ჩავარდნილი "ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი..." - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, "აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“.

"მინდა შევაჯამო ჩავარდნილი "ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს; მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, გასული სამი დღის განმავლობაში კი ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები. ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ - ოფისებში შემალული მდიდარი "ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას",- თქვა მან.

მისი თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკოსებმა და "ენჯეოებმა“ ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის გაწირეს.

"ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი "ენჯეოების“ ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი "ენჯეოების“ მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი "ენჯეოები“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო - ოპოზიციის ლიდერები და მათი "ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულები ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.

ამ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა და "ენჯეოებმა“ გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომელთაც რამდენიმე წლიანი სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრებათ. ესეც შესაბამისი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებმა ამ დღეების განმავლობაში იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი - უკადრებელი, მათ შორის გადასწვდნენ ბავშვებს, ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ისე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რასაც ამ დღეების განმავლობაში ბავშვებთან მიმართებით ვხედავდით, ეს, უბრალოდ, ამორალურია“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე;