რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულთა დასახმარებლად მედ-პუნქტი გაიხსნა. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამედიცინო პუნქტში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიიღეს.
“უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ. მუდმივად ხდება გაზის გამოყენება. ძირითადად ფიზიოლოგიურ ხსნარებზე და პირბადეებზეა მოთხოვნა, მაგრამ ვეხმარებით სხვადასხვა მედიკამენტებით და ექიმები უწევენ პირველად დახმარებას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამედიცინო პუნქტში დაახლოებით ორი საათია აქციაზე დაშავებულებს ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა კონსტრუქციებით ბარიკადები ააგეს და ცეცხლი წაუკიდეს.
მათი საშუალებით აქციის მონაწილეები ცდილობენ, მათ საპირისპიროდ განლაგებულ სპეცრაზმს გზა ჩაუხერგონ.
დემონსტრანტები სპეცრაზმს პიროტექნიკას ესვრიან, თავის მხრივ სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად იყენეს ე.წ. გაზის კაფსულებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.
მედიისა და აქციაზე მყოფთა ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო, რომელმაც პროტესტი სპეცრაზმის წინ, მარტომ გამოხატა.
კადრებში ჩანს, რომ ქალი, რომელმაც კორდონი გაარღვია, ძალოვნებმა შიგნით შეითრიეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე შეკრებლი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაშლილები.