ავტორი:

"მასწავლებელმა მითხრა, რადგან  ქუჩაში ვდგავარ და ვაპროტესტებ, თურმე ამით ვარცხვენ მამაჩემის სახელს" - რას ჰყვება შინდისის გმირის 16 წლის ქალიშვილი, რომელსაც სკოლაში პრობლემები შეუქმნეს

"მასწავლებელმა მითხრა, რადგან  ქუჩაში ვდგავარ და ვაპროტესტებ, თურმე ამით ვარცხვენ მამაჩემის სახელს" - რას ჰყვება შინდისის გმირის 16 წლის ქალიშვილი, რომელსაც სკოლაში პრობლემები შეუქმნეს

"მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა", - ეს ტრანსპარანტი რამდენიმე დღეა ხელში უჭირავს ეროვნული გმირის, ემზარ წილოსანის 16 წლის ქალიშვილს, მარიამ წილოსანს. ის სამი დღეა ლანჩხუთში სკოლის მოსწავლეებთან ერთად აპროტესტებს იმას, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია. როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთში მოსწავლეების მიერ გამართული საპროტესტო აქციის ინიციატორი სწორედ მარიამ წილოსანი იყო. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შინდისში ჩვენი ქართველი მებრძოლების გმირობა, სწორედ იქ დაიღუპა მარიამის მამა, ემზარ წილოსანი 2008 წელს. 27 წლის ასაკში შეეწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ობლობაში გაიზარდა მისი შვილები. ემზარ წილოსანის სახელობის არის დღეს ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლა, სადაც სწავლობენ მისი შვილები.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, მარიამ წილოსანი სკოლაში არ შეუშვეს და ატირეს იმის გამო, რომ ეს დღეები აქციაზე იდგა. ჩვენ ამ ამბების გადამოწმება მარიამთან ვცადეთ.

ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წილოსანი:

- ტელევიზიით რომ ვუყურებდი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის კადრებს და იმას, როგორ დგანან ჩემი თანატოლები იქ და როგორ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ძალიან მტკიოდა გული, რომ მსგავსი პროტესტი არ იყო ჩემს ქალაქში. ლანჩხუთში არაფერი ხდებოდა, მაშინ როცა თბილისში ჩემი თანატოლები და უამრავი ადამიანი, ყველანი ქუჩაში იდგა. გამიჩნდა სურვილი, რომ მეც ჩემი წვლილი შემეტანა და გამეპროტესტებინა ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. მინდოდა მეც ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩვენი გზა ევროპაშია, ამიტომ ჩემს თანატოლებს გავუზიარე ჩემი აზრი. ყველას მოვუწოდე, რომ გამოსულიყვნენ ქალაქში და ჩვენც ჩვენს ქალაქში გაგვემართა აქცია. ეს იდეა მოეწონათ ჩემს თანატოლებსაც, დამიდგნენ გვერდში და გამოვიდნენ გარეთ როგორც ჩემი თანატოლები, ისე ის მასწავლებლები, რომლებიც სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი გზა ევროპაშია და სწორ გზაზე დგანან.

მართლა ცუდი რაღაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. გუშინ წინ დავიწყეთ ეს აქცია, გუშინაც ჩატარდა და გავაგონეთ ჩვენი ხმა ყველას.

- მარიამ გვიამბეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რაც დღეს ხდება?

- მე 16 წლის ვარ, ვსწავლობ ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლაში. მამაჩემი რუსეთთან ბრძოლას შეეწირა და გული მტკივა, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რისთვისაც მამაჩემი იბრძოდა და რასაც შესწირა თავი. იგივე ხდება დღეს, მეც იმავეს გაკეთება მიწევს დღეს. ჩემს გვერდით არ არის მამაჩემი, რომელიც იბრძოდა ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის. 20 დღის ვიყავი მამა რომ დამეღუპა, მე და ჩემი ძმა მამის გარეშე გავიზარდეთ. მამა ისე გარდაიცვალა, რომ ჩემთან ურთიერთობა ვერ მოასწრო, ვერ შეძლო სითბო და სიყვარული მოეცა ჩემთვის. ერთხელ მნახა მამამ მხოლოდ და მაგის მერე ომში გამოიძახეს, იქ იბრძოდა. მამა შინდისის გმირია, იქ დაიღუპა. 27 წლის იყო, შინდისის გმირებზე გადმოცემით ვიცით, როგორ თავგანწირვით იბრძოდნენ.

გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან მოსიყვარულე ადამიანი იყო მამაჩემი. ის ამისთვის არ დაღუპულა, რომ რუსეთისკენ წავიდეთ.

- მარიამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს სკოლაში შეგექმნათ პრობლემა იმის გამო, რომ ამ აქციებზე იყავით, არ შეგიშვეს იმ სკოლაში გაკვეთილებზე, რომელიც თქვენი მამის სახელობისაა.

- დღეს მეგობრებმა გადავწყვიტეთ სკოლაში წასვლა, რომ იქაც გამოგვეხატა ჩვენი აზრი, გვაინტერესებდა ჩვენი მასწავლებლების აზრიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. სკოლაში რომ მივედით თან გვქონდა დროშები და პლაკატები. ხელოვნების მასწავლებელს, ირინა წულაძეს რომ ვკითხე, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე - მეთქი, მან მითხრა, - თბილისში რომ ახალგაზრდები დგანან ისინი ცუდად იქცევიან, აგინებენ პოლიციელებს, წინააღმდეგობას უწევენ, აღიზიანებენ პოლიციელებს და ანადგურებენ ყველაფერსო. ცდილობდა გაემართლებინა მათი ქმედება, როცა ასეთ მძიმე ფაქტებს ვუყურებთ. თქვა, პოლიციელები კარგად იქცევიანო, თითქოსდა არ ექცევიან ცუდად ყველას და არ უსწორდებიან ისე სასტიკად, რომ სიკვდილამდე მიიყვანონ.

მერე დამიწყო იმაზე საუბარი, შენგან ასეთ რაღაცას არ მოველოდიო, რადგან ქუჩაში ვდგავარ და ვაპროტესტებ, თურმე ამით ვარცხვენ მამაჩემის სახელს. ირინა წულაძე, პედაგოგი, თურმე ჩემგან არ მოელოდა ასეთ პროტესტს და თურმე მამაჩემის სახელს ვარცხვენ. მამაშენის სახელობის არის ეს სკოლაო, ისე გამოვიდა მისი ნათქვამიდან, თურმე მე ვარცხვენ მამას. აზრი ეს იყო მის ნათქვამში, მერე გადაშლილი წიგნი დახურა და თქვა, მე გაკვეთილს არ ჩავატარებო. მე მისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს, ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ უფრო მეტად პედაგოგმა უნდა სცეს მოსწავლის აზრს პატივი და არ უნდა მოგაყენოს შეურაცხყოფა,

თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ორი გაკვეთილი გაუჩერებლად ვტიროდი. ემოციურად მძიმე იყო ჩემთვის ასეთი ტონით და ასეთი სიტყვების მოსმენა კლასელების წინაშე და ამიტანა ემოციებმა. ორი გაკვეთილის მერე წამოვედი საერთოდ სკოლიდან, ვთქვი სახლში მინდა წასვლა- მეთქი.

- სხვა პედაგოგების რეაქცია რა იყო?

- შემდეგ სხვა პედაგოგებიც შემოვიდნენ რომ ვტიროდი და თქვეს, ძალიან წუხს თავისი საქციელის გამოო. ერთმანეთის აზრს პატივი უნდა ვცეთო. ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოდიში არ შველის, ისეთი რაღაცები მელაპარაკა. მე არ ვთვლი, რომ თბილისში ახალგაზრდები ცუდად იქცევიან. მე იმ ბავშვებს ვუერთდები-მეთქი და ეს სიტყვები არ მოეწონა. მე რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებ ეს არის მისთვის გასაკვირი და სამარცხვინო.

- ხვალ აპირებ სკოლაში მისვლას?

- არ ვაპირებ სკოლაში მისვლას და ისეთი მასწავლებლის მოსმენას, რომლებიც არაფერს გვეუბნებიან დღევანდელ მდგომარეობაზე, თავს არიდებენ ამაზე საუბარს.

რას ვაშავებ მე იმით რომ პოსტერი მიჭირავს ხელში, მე ასეთი ბრძოლა შემიძლია მხოლოდ, ასეთი წარწერა გავაკეთო, დავიჭირო ხელში და ასე გავაპროტესტო ის რაც ხდება დღეს. მე ამით არ ვარცხვენ მამაჩემის სახელს. სკოლის დირექტორს უნდოდა ფაქტი არ გახმაურებულიყო, ყველაფერი დავასრულოთ მშვიდადო, მაგრამ მე ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. ორი გაკვეთილი ვტიროდი და ჩემს მშობელს არც დაურეკეს, რომ ეთქვათ ასეთ დღეში ვიყავი. მე თვითონ მოვითხოვე დედასთან დაერეკათ, ჩემი მოთხოვნით დარეკეს. დედამ თქვა, - ასე მარტივად არ შევარჩენო. დედა შსს -ში სამინისტროში მუშაობს.

- თანაკლასელების რეაქცია რა იყო?

- როცა დახურა წიგნი და თქვა, -გაკვეთილს არ ჩავატარებო მე ავდექი და ვუთხარი, მე გავალ ახლა გაკვეთილიდან და ვინც მე მეთანხმება ის ჩემთან ერთად წამოვა-მეთქი, მთელი კლასი ადგა და გამომყვა. ეს იყო ჩემს თანატოლების რეაქცია მის ნათქვამზე, - მიბრძანდით და ეს ბავშვებიც მოგყვებიანო.

  • ჩვენ შევეცადეთ სკოლის პოზიცია მოგვესმინა და დაუკავშირდით ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონმა ირინე შარაბიძემ რომ გაიგო, რა საკითხზე ვურეკავდით, გვითხრა, - "კარგად გაგიგიათ, მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ!" და ტელეფონი გათიშა, მას შემდეგ უშედეგოდ ვცდილობდით ქალბატონ ირინე შარაბიძესთან და ირინე წულაძესთან დაკავშირებას.

მომხდარს აპროტესტებს მარიამის მამიდა, ლია წილოსანი, ჩვენს კითხვაზე, ხომ არ ჰქონია კომუნიკაცია სკოლის დირექტორთან, მან ასე გვიპასუხა:

"რა აზრი აქვს საუბარს, შემოგვითვალეს გაჩუმდითო და ბოდიში მოიხადეს. ბოდიში ვის უნდა, მე უკან არ დავიხევ, ობლად დარჩენილი ჩემი ძმისშვილების ცრემლს არავის ვაპატიებ. მრცხვენია, რომ ეს ხდება იმ სკოლაში, რომელიც ჩემი ძმის სახელობისაა. ბავშვს რომ ველაპარაკე გულამოსკვნილი ტიროდა. მაშინვე დავრეკე განათლების სამინისტროში და ჩავაყენე საქმის კურსში. ასე როგორ შეიძლება. მე არ ვარ საქართველოში ამჟამად და ძალიან განვიცდი, რაც ხდება. მივმართავ იმ ბავშვებს, ვინც ჩემს ძმისშვილთან ერთად დღეს ქუჩაში დგანან. მეამაყებით ბავშვებო, თქვენმა ოჯახებმა იხაროს და იბედნიეროს ასეთი შვილების აღზრდისთვის. ვიცი, თქვენ არასდროს გაცვლით საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში, ამიტომაც თქვენ მტერი ვერასდროს წაგაქცევთ და ვერ დაგაჩოქებთ. უფალი თქვენს გვერდით იქნება ყოველთვის. არა რუსეთს, რუსეთი ოკუპანტია! თქვენი მომავალია ევროპაშია!"

იხილეთ ასევე: