მოცეკვავე ნათია ბუნტური აქციებზე მეგობრებთან და უამრავ ადამიანთან ერთად მუდმივად დადის...
29 ნოემბერს აქციის მორიგი დაშლისას ის სპეცრაზმელების სამიზნე აღმოჩნდა. მას სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. Ambebi.ge ნათია ბუნტურს დაუკავშირდა.
- ნათია, როგორ გრძნობთ თავს?
- არც ისე კარგად, მაგრამ ხალხი, ვინც იქ ყოველ დღეს დგას, არ ვიცი, რას უძლებს...
- ვნახეთ თქვენ მიერ გავრცელებული ფოტოები და აქციების დაშლისას თქვენც დაშავებულხართ. რა მოხდა?
- ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და როცა ვახერხებთ, თბილისში აქციებზე ჩავდივართ და დილით უკან ვბრუნდებით. 29 ნოემბერსაც იქ ვიყავით. მეგობრები ყველანი ერთად ვიდექით, რაღაც მომენტში ჩემებისგან ცოტა მოშორებით აღმოვჩნდი. სადაც ვიდექი, იმ წამს რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, უცებ წავიბორძიკე, დავინახე ხალხი უკან გაიქცა და სპეცრაზმელების შორის მოვხდი. რას ვიზამდი, ვერ გავიქცეოდი. გვერდით ქუჩაზე გამიყვანეს.
სად არიან შენები, სად არის მანქანა? - კითხვებს მისვამდნენ, მეც ვუპასუხებდი. ამ საუბრისას გარშემო მედგნენ. მერე მარჯვნიდან ერთ-ერთმა თავში ორჯერ ჩამცხო, ისეთი ძალით, ცხვირიდან სისხლი წამსკდა...
- რატომ?
- არ ვიცი, ასე უნდოდა, ეტყობა. არადა, ჩვეულებრივად მეკითხებოდნენ რაღაცებს და ამის გამო იმ მომენტში შიში არ მქონდა, რომ რამე მემუქრებოდა. აი, ასე უეცრად მოწყვეტით ჩამარტყა...
- სხვებს წინააღმდეგობა არა გაუწევიათ? არ უთქვამთ, - რას აკეთებ ქალიაო?
- არა, ყველა იდგა გაჩერებული და უხმოდ. მე არ გამომიწვია, არცერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მითქვამს, პირიქით, კარგად ველაპარაკებოდი, რაღაც კეთილი ხალხი ჩანხართ, კეთილი თვალები გიჩანთ - მეთქი. ცოტა სტრესშიც ვიყავი... მერე მარცხნივ შედარებით უფროსი კაცი იყო და იმან მითხრა, - წამო-წამო, შენებამდე ჩაგიყვანო... გზაში სისხლს ვიწმენდდი. აქციაზე უკან რომ ჩავედი, ჩემები ვერ მიხვდნენ, რომ ძალიან მქონდა დარტყმული, მხოლოდ ცხვირს ვიწმენდდი. თავიდან თვალზე არაფერი მეტყობოდა, მეორე დღეს ჩამილურჯდა და შემიშუპდა. თავიც მტკივა...
- მაშინვე არ მიგიმართავთ სასწრაფოსთვის?
- არა, ისეთი ამბები ხდებოდა გარშემო, რომ ჩემს თავს და სახეს არ ვჩიოდი. მერე ჩემი დაშავებული სახის ფოტო დავდე პირად გვერდზე და ხალხს მოვუყევი, რა მოხდა. გაბრაზებული, შეურაცხყოფილი და ჩემზე ბევრად უარესად ნაცემია ხალხი, მათ შორის, გოგოები. მე არ ვარ ერთადერთი გოგო, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ...
ვინც გარეთ დგას, არის გმირი და გამძლე ხალხი. რაც არ უნდა მოგივიდეს, მათ გვერდით დგომა ბედნიერებაა. აქციაზე 5 წუთითაც რომ შეხვიდე, ამას აუცილებლად იგრძნობ. რაც შეეხება სპეცრაზმელების სისასტიკეს, ამას ყველა ამბობს და ეკრანზეც ჩანს, როგორ მოქმედებენ...
ნათია ბუნტური არის ქართველი ბალერინა და ტელეწამყვანი. დაიბადა 1986 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2002-2004 წლებში სწავლობდა ბოსტონის საბალეტო სკოლაში, 2004-2005 წლებში კი ჯოფრის საბალეტო სკოლაში, ნიუ-იორკში. 2005-2008 წლებში პენსილვანიის ბალეტის დასის მოცეკვავე იყო, აშშ-ში. 2008-2012 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა. 2015 წლიდან დღემდე მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სტუდიის ბალეტის პედაგოგია. 2016 წლიდან ნათია ბუნტური “გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი გახდა. დადგმული აქვს, როგორც საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, ისე ქორეოგრაფიული მინიატიურები. დგამს ქორეოგრაფიას დრამატული თეატრებისთვისაც.
ნათია ბუნტური 4 წლის განმავლობასი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.