„მედიკამენტური აბორტი სახლის პირობებში ჩაიტარა და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში არ შეუწყდა სისხლდენა“ - ქალები უმძიმესი რეალობის პირისპირ

„მედიკამენტური აბორტი სახლის პირობებში ჩაიტარა და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში არ შეუწყდა სისხლდენა“ - ქალები უმძიმესი რეალობის პირისპირ

ეს ისტორია რესპონდენტმა გვიამბო თავისი მეგობრის, ნინოს (სახელი შეცვლილია) შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოძალადე ქმართან დაშორების შემდეგ მე-4 შვილზე აღმოჩნდა ორსულად და მედიკამენტური აბორტის თვითნებურად ჩატარება მოუწია:

„ქმარს ახალი გაშორებული იყო, ამ ადამიანს შემაკავებელი ორდერით ეკრძალებოდა ყოფილ ცოლთან მიახლოება. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდი იყო ასეთ ვითარებაში კიდევ ერთი შვილი გაეჩინა მარტოხელა დედას. ორსულობის შესახებ ვერავის გაუმხელდა, რომ ყოფილი მეუღლის ყურამდე არ მისულიყო და ისევ არ ეცადა მასთან კონტაქტი. ერთადერთი გზა იყო მედიკამენტური აბორტი, თუმცა ნინო არ მუშაობდა, მისი ოჯახიც ხელმოკლედ ცხოვრობდა და მისთვის კონსულტაციისა და სხვა კვლევებისთვის საჭირო თანხის მოძიება რთული იყო. რითაც შემეძლო დავეხმარე, თუმცა გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა.

როგორც გავარკვიეთ, მედიკამენტური აბორტისთვის საჭირო წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე ვერ შევიძენდით, ამიტომ ქსელურ აფთიაქებში სიარულს აზრი აღარ ჰქონდა. არადა ინტერნეტში დეტალურად იძებნებოდა, რა ვადაზე რომელი მედიკამენტები უნდა მიგეღო და რამდენი დღის გამოტოვებით. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. სამსახურში მოვყევი ეს ამბავი და ჩემი თანამშრომლები გაოცდნენ, როცა შეიტყვეს, რომ ე.წ. წამლების შავი ბაზრის შესახებ არაფერი ვიცოდი. მიმასწავლეს აფთიაქი და მითხრეს, რომ პირდაპირ მედიკამენტი მომეთხოვა, ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე. მეგობარს შევეხმიანე, დამთანხმდა და როცა მოსაღამოვდა, მე წავედი მედიკამენტების საყიდლად, ნინომ ვერ გაბედა წამოყოლა, სახლში მელოდებოდა. ასე მეგონა, ვინმეს უნდა დავენახე და მიმხვდარიყო, რის საყიდლად ვიყავი მისული, ამიტომაც შებინდებულზე მივაკითხე აფთიაქს, უპრობლემოდ შევიძინე ორივე პრეპარატი და ნინოს მივუტანე.

მედიკამენტური აბორტი სახლის პირობებში ჩაიტარა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში არ შეუწყდა გამონადენი. ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია გართულებების შესახებ და გადავწყვიტეთ, ექიმისთვის მიგვემართა. აქ დაიწყო ახალი პრობლემები. მოგეხსენებათ, დაზღვევის პროგრამა აბორტის ხარჯებს არ აფინანსებს, ამიტომ მეგობარმა ექიმებს დაუმალა, რომ აბები ჰქონდა მიღებული და უბრალოდ უთხრა, რომ მენსტრუალური ციკლი უჩვეულოდ გაუგრძელდა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ეჭვი მიიტანეს, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ნაყოფის მოწყვეტა ან თუ არ ვცდები, მიომა ან ფიბრომა უნდა იყოს გამსკდარიო. ამის გასარკვევად ქირურგიული ჩარევის შემდეგ მასალის დათესვა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, რადგან სისხლდენის მიზეზი თუ გაირკვეოდა, დაზღვევა არაფერს აუნაზღაურებდა. მახსოვს, მაინც გადავიხადე დამატებით თანხა და 2 საათში სახლში გამოუშვეს“.

ნინოს მსგავსად საქართველოში ბევრ ქალს არ მიუწვდება ხელი ექიმის კონსულტაციასა და საჭირო კვლევებზე, რათა ორსულობის შეწყვეტის პროცედურა უსაფრთხოდ ჩაიტაროს. აღნიშნულ სამედიცინო პროცედურებს არცერთი სადაზღვევო პაკეტი არ აფინანსებს, არც კერძო და არც სახელმწიფო.

ამასთან, ერთი წლის წინ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის განხორციელების წესში ცვლილებები შევიდა, რამაც სერვისის მიმღებებსა და გამცემებს ახალი ვალდებულებები დააკისრა. მათ შორის არის სავალდებულო კონსულტაცია სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან, რაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მეორე ულტრაბგერითი კვლევის გაკეთების ვალდებულება პირველის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ. ძალაში შესული რეგულაციით, 10 კვირამდე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონართან არ არის დაკავშირებული, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შემცირებულია. აღნიშნულს თან ერთვის ტელემედიცინის სერვისის ფაქტობრივად გაქრობაც, რადგან სამედიცინო დაწესებულებები მისი მიწოდების შესაძლებლობას ვეღარ ხედავენ, მაშინ, როცა საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრის „თანადგომას“ მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევის თანახმად, მედიკამენტური აბორტის სერვისის მისაღებად ტელემედიცინა ეფექტური საშუალებაა.

კვლევით „ტელემედიცინის სამედიცინო აბორტის სერვისი საქართველოში“, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა, ფასდებოდა სამედიცინო აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობა როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე, სავალდებულო 5-დღიანი მოცდის პერიოდის გათვალისწინებით.

კვლევაში 122 ქალი მონაწილეობდა, საიდანაც 120-მა გადაწყვიტა, მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ მაინც ჩაეტარებინა პროცედურა. მათ გადაეგზავნათ სასწავლო შეფუთვა მედიკამენტებით, რომელიც ინსტრუქციის შესაბამისად მიიღეს და კლინიკაში ერთ ვიზიტზე მეტი არ დასჭირვებიათ.

მონაწილეთა უმეტესობამ მედიკამენტური აბორტის პროცედურა დამატებითი კვლევების გარეშე დაასრულა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ადაპტირებული ტელემედიცინის სამედიცინო აბორტის სერვისი დამაკმაყოფილებელი იყო პაციენტებისთვის. საბოლოოდ, ისინი სერვისით კმაყოფილი დარჩნენ.

მედიკამენტურ აბორტთან დაკავშირებით დისტანციური კონსულტაციის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზეა საუბარი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ში ჩატარებულ კვლევაშიც, რომელიც 2024 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნდა და 2021-2022 წლის პერიოდებს მოიცავს.

კონსულტაციის ტელემედიცინით მიღების შეზღუდვამ ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მქონე ქალებს კიდევ უფრო გაურთულა უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა, რაც თავის მხრივ ზრდის თვითნებური და არალეგალური პროცედურების რისკს. ეს კი შეიძლება ქალებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.