დღეს ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები - 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა! - ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატისა და მწერლის, გურამ პეტრიაშვილის წერილშია აღნიშნული.
როგორც გურამ პეტრიაშვილი ღია მიმართვაში ამბობს, საქართველომ ისევ უნდა იბრძოლოს სამშობლოს თავისუფლებისათვის.
"ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი. რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ვიბრძოდი! ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები! რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა! დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!
მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს! ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის! მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი... როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე! თუმცა ესეც ბუნების კანონია - ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა! მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში! რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება - საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს! და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ: ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ - აღნიშნავს გურამ პეტრიაშვილი, რომლის წერილსაც სოციალურ ქსელში ვახტანგ ლომთაძე ავრცელებს.