BBC-ის ინფორმაციით, სირიელმა ამბოხებულებმა თითქმის აიღეს ალეპო, გარდა იმ რაიონებისა, რომელსაც ქურთების ძალები აკონტროლებენ და განაგრძეს წინსვლა სამხრეთით. რუსული ავიაცია აგრძელებს თავდასხმებს ტერიტორიებზე, რომელიც ასადის რეჟიმის მიერ არ კონტროლდება. მანამდე ისლამისტურმა ანტისამთავრობო დაჯგუფებებმა პროთურქული "ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, კონტროლი დააწესეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაზე.
ბაშარ ასადის არმია, პირობას დებს, რომ კონტრშეტევას განახორციელებს.
“ტერორისტების დიდმა რაოდენობამ და საბრძოლო ფრონტების სიმრავლემ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ხელახალი გადაჯგუფების ოპერაციის ჩატარება აიძულა, რომელიც მიზნად თავდაცვის ხაზების გაძლიერებასა და კონტრშეტევისთვის მომზადებას ისახავს“, - აცხადებს სირიის შეიარაღებული ძალები.
ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის (SOHR) ინფორმაციით, მეამბოხეებსა და სამთავრობო არმიას შორის შეტაკების შედეგად, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო, 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მინიმუმ, 20 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა.
SOHR-ის ცნობითვე, რუსულმა ავიაციამ ზედიზედ ხუთი დარტყმა განახორციელა ლტოლვილთა ბანაკზე იდლიბის ერთ-ერთ რაიონში, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.
მანვე მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ალეპოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე ოთხი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
სირიაში მეომარ მხარეთა შერიგების რუსული ცენტრის საღამოს მოხსენებაში არ იყო ნახსენები საავადმყოფოზე თავდასხმა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ალეპოს, ჰამასა და იდლიბის პროვინციებში განხორციელდა სარაკეტო და საავიაციო თავდასხმები.
წინა კვირას დაწყებული მოულოდნელი შეტევა, არის სირიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო დაპირისპირება ბოლო წლებში.
რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას, შაბათს თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასადმა პირობა დადო, რომ “დაიცავს სირიის სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“. ვრცელდება ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ქვეყანაშიც აღარ იყოს.
”[ქვეყანას] შეუძლია თავისი მოკავშირეების და მეგობრების დახმარებით დაამარცხოს და გაანადგუროს ისინი, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ტერორისტული თავდასხმები,” - ციტირებს ასადის სიტყვებს პრეზიდენტის ოფისი.
“დამასკო ახლაც ისევე დაამარცხებს ტერორისტულ ჯგუფებს, როგორც წარსულში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ.
გუბნას პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მმართველმა განაცხადა, რომ “სირიის ლიდერი, რუსეთის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, შეძლებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. მან აფხაზეთის საელჩოს მეშვეობით დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა, მხარი დაუჭირონ ასადს.
ასადმა, თავის მხრივ, თურმე აღნიშნა, რომ არსებულ რთულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეგობრების დახმარებას საერთაშორისო ასპარეზზე“.
ამბოხებულების შეტევას ხელმძღვანელობს ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც ცნობილია “ჰაიათ თაჰრირ ალ შამშის“ Hayat Tahrir al-Sham (HTS) სახელით და მისი მოკავშირე ფრაქციები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს. ამ კონკრეტულ ოპერაციასთან კავშირს თურქეთი უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარა არ უჭერს მხარს ალეპოში არმიასა და ანტისამთავრობო ჯგუფებს შორის ბრძოლას, - იუწყება En Son Haber-ი.
Hayat Tahrir al-Sham 2011 წელს სხვა სახელით Jabhat al-Nusra -ით შეიქმნა. ის ალ-ქაიდას ერთ-ერთ დანაყოფად მიიჩნეოდა. მის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს (IS) დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ.
ის მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მომაკვდინებელ ჯგუფად, რომელიც პრეზიდენტ ასადს ეწინააღმდეგებოდა.
2016 წელს ჯგუფის ლიდერმა - აბუ მუჰამედ ალ-ჯავლანმა ალ-ქაიდასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და შექმნა ახალი ორგანიზაცია, სახელად ჰაიათ თაჰრირ ალ-ნუსრა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის საჰაერო ძალებმა შაბათს ალეპოში ავიადარტყმები განახორციელა.
რუსეთის მხრიდან ეს იყო პირველი ავიაიერიში ქალაქში მას შემდეგ, რაც 2016 წელს სირიის სამთავრობო ძალებს მის დაბრუნებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შეგახსენებთ, სირიაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ომი ქვეყანაში, რომელსაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირა, 2011 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის მთავრობამ პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებს სასტიკი დარბევით უპასუხა.
ძირითადი კონფლიქტი 2020 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა კონტროლი შეინარჩუნეს ჩრდილო-დასავლეთით არსებულ რიგ პროვინციებზე.