მუსიკოსი სოფო ტოროშელიძე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროექტების პროდიუსერია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა ყველაზე არასწორი დროა, რომ საქმიანობა გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ "იმედზე“ დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი უნდა დაიწყოს. ტოროშელიძე ამ პროექტის მუსიკალური პროდიუსერია. ამ ეტაპზე უცნობია გადაიდება თუ არა შოუს დაიწყება
სოფო ტოროშელიძე:
"როგორც იცით, უკვე 15 წელია, რაც ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის პროდიუსერი ვარ. წლებია ამ საქმეს ვემსახურები. დაახლოებით 3 წელია არცერთი არხის თანამშრომელი არ ვარ. ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც კონკრეტულ პროექტებს ან ვთანხმდები ან არა, გააჩნია რა ხარისხზეა საუბარი და გადამწყვეტია ასევე ფინანსური ინტერესი. ვისაც ტელევიზიაში უმუშავია კარგად იცის შიდა სამზარეულო - ტელევიზია არის საინფორმაციო დეპარტამენტი და პროდაქშენი, რომლებიც აკეთებს კონკრეტულ გადაცემებს. ის რეალობა რაც ახლა არხებზე ხდება, ხარისხს ვგულისხმობ, მარტო ამიტომ არის რაღაცები გასამიჯნი. ასეთი მდაბიო მდგომარეობა არ ყოფილა. ერთადერთი იყო "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელსაც დიდი პატივს ვცემ, რასაც აკეთებდნენ გადაცემებს და ისიც დაიხურა და კიდევ კარგი რაღაცები შერჩა, რასაც არ შეხებიან. რა არის ტელევიზია, საინფორმაციო დეპარტამენტი და პროდაქშენი, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთის მაყურებლით საერთო რეიტინგს ქმნიან.
საინფორმაციოს ვინც უყურებს, ის ავტომატურად გადაერთვება ხოლმე გადაცემებზე და პირიქით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიწევს არხის რეიტინგს ვემსახურო - ცოტა ამბიციურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ არც თუ ისე ცუდად. ამ მომენტში მინდა ვისაუბრო იმ სოფო ტოროშელიძეზე, რომელიც აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ემსახურება იმ არხის რეიტინგს, რომელიც ჩემთვის მიუღებელ, არნახულ მარაზმსა და საშინელ პროპაგანდას ეწევა. რა თქმა უნდა ვემიჯნები ამ ყველაფერს. ვიცი ამ განცხადებით რა პრობლემასაც ვიქმნი, კარგად ვიცი, რაც ახლა მელოდება, თუმცა ჩემი მორალი და ის, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს - ნამუსი, მეუბნება, რომ ახლა ყველაზე არასწორია, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად გავაგრძელო და გავაკეთო.
ახლა არ არის ამის დრო, ნეტა მშვიდობით გაგვითენდეს და დაგვიღამდეს. რა ომზე მელაპარაკებით, რუსეთი ცხოვრებაში ვინმეს რამეს ითვალისწინებს? - მიზეზი სჭირდება, რომ ომი წამოიწყოს? როცა უნდა მაინც შემოვა. დიდი ბოდიში, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს და ახლობლებს რა გვინდა დაგვაჯეროთ, ერთი წამით მაინც რომ წარმოვიდგენ ომი დაიწყოს ეს ჩემთვის მარტივი მისაღებია? - ორი შვილის დედა ვარ.
რა "ნაცი", რა ბაბლი, ასიათასობით ადამიანი ვართ ვინც გადავირიეთ და შეშლილები ვართ. როგორ უნდა დამაჯეროთ რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად. ყოველ დილას ვიღვიძებ და ვიღაც დასისხლიანებული და შეურაცხყოფილია. ეს არ არის ომი? - ვინ დამაჯერებთ, რომ კარგად ვცხოვრობთ, მაღაზიაში არ შედიხართ და პროდუქტებს არ ყიდულობთ?
სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლება. ბევრი კოლეგა მყავს, კარგი საქმეების იდეები გვაქვს.
გაქცევა ყველაზე მარტივი გამოსავალია და ეს რომ გვინდოდეს ძალიან მარტივად გავაკეთებდით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ინახავენ. ვინც არჩენს, ჩვენი გადასახადებით. საქმის კეთებაც ვიცით, ფასიც, გვიკეთებია და გავაკეთებთ კიდეც. ჩვენს საქმეს ჯანსაღ გარემოში გავაკეთებთ და არა იმ მარაზმში, რაც ახლა ხდება. ვიაზრებ იმ შედეგს რაც მოჰყვება ამას, რაც არის იყოს, დაე, მოხდეს ისე რაც მოხდება", - აცხადებს სოფო ტოროშელიძე.
იხილეთ ასევე: