30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია:
"ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას, რომელიც გაწერილია მათსავე კონსტიტუციაში, რომ ისინი უნდა მიისწრაფოდნენ ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებზე და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ.
საქართველოს ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების გამოყენებას".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით,"ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.
შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი".
"ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი საქართველოსთვის, ვინაიდან აშშ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. ჩვენ სულ რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა - უკრაინასთან (1993 წლიდან), აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ბოლო დროს - სომხეთთან (დაბალი ხარისხის, მაგრამ მაინც). თურქეთთან და აზერბაიჯანთან გვაქვს საერთო სატრანზიტო პროექტები, სამხედრო თვალსაზრისითაც სერიოზული ხელშეკრულებები გვაქვს, ტარდება სამმხრივი წვრთნები და სხვა.
იგივე სამხედრო წვრთნები ამერიკასთან, რომელიც აქამდე ტარდებოდა, ამ პარტნიორობას მოჰყვებოდა (საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი, ბუში რომ მიდიოდა ეს ქარტია დაგვიტოვა). ამერიკასთან გვქონდა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში - სამხედრო, ეკონომიკურ, თუ სოფლის მეურნეობის სფეროში, იყო დახმარების პროგრამები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგი იყო.
ყოველ წელიწადს, როცა აშშ ბიუჯეტს იღებს, იქ არის დათქმა, რომ არანაირ დახმარებას არ გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებმაც აღიარება მისცეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს იყო რეალურად ყველაზე დიდი ბერკეტი საქართველოსთვის. ამერიკელები არაღიარების პოლიტიკას რა თქმა უნდა, არ და ვერ გადათქვამენ, რადგან იქ წერია, რომ პარტნიორობა შეჩერებულია და არა გაწყვეტილი. ეს სამწუხარო ფაქტი იმის შედეგია, რაც ახლა საქართველოში ხდება, დეპარტამენტის განცხადებაში ხომ ნათქვამია - კონსტიტუციის ღალატი და დასავლური კურსიდან გადახვევა.
გვითხრეს, სანამ საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ დალაგდება, გავაჩერებთ საქართველოსთან ურთიერთობასო. აქამდე ისედაც იყო ლაპარაკი დახმარებების შეჩერებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ "ოცნების“ ხელისუფლება ამერიკის მხრიდან იქნება იზოლირებული და მას არ დაელაპარაკებიან. როცა ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა გაქვს გაფუჭებული, ეს თავისთავად ცუდია პოლიტიკური ძალისთვის, მაგრამ უფრო მეტად - ქვეყნისთვის.
საქმე გვაქვს მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების, ან სამხედრო თვალსაზრისით მოწინავენი არიან მსოფლიოში და მათთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს სასიკეთოს არაფერს მოუტანს:
1. საქართველოს აქვს პოლიტიკური ინტერესები, ვინაიდან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
2. ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ და საერთაშორისო არენაზე უნდა დავიმკვიდროთ თავი. ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო რამდენიმე კომპონენტით ხასიათდება და ერთ-ერთი უმთავრესია ნდობა. როგორ უნდა ენდო სახელმწიფოს, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, გაცხადებული პოლიტიკაც ასეთი აქვს, წლების მანძილზე ამისკენ მიდის და მერე, ერთ დღეს დგება და ამბობს - მე ეს ამბავი არ მაინტერესებსო.
საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, დახმარებების გარდა, ავტორიტეტსაც კარგავს. უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში, მთელი 7-8 წელი ჩვენ მთლიანად ამერიკის კმაყოფაზე ვიყავით - ხორბალი და ფქვილი იქიდან პრაქტიკულად, უფასოდ მოდიოდა, საქართველო არ ყიდულობდა. სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე ვლაპარაკობ, რამაც ყველაზე ცუდ დროს გაგვაძლებინა და რეალურად გადაგვარჩინა, ამერიკელების გარეშე ეს არ მოხდებოდა.
3. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ქარტიით ამერიკელები, პრაქტიკულად, მხარს უჭერდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს (ტერიტორიულ მთლიანობას რომ თავი დავანებოთ), ამერიკა და დასავლეთი იყვნენ ამის გარანტორები და ეს რომ არ ყოფილიყო, 2008 წელს, დამიჯერეთ, რუსები თავისუფლად შემოვიდოდნენ დედაქალაქში. ამიტომაცაა, რომ ამ განცხადების შინაარსიც და ისიც, რაც ამას მოჰყვება, უდიდესი დარტყმაა საქართველოსთვის.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ხელისუფლების არა მარტო ანტიდასავლური რიტორიკა აქვს, ქმედებებია აქ მთავარი. ამერიკას ძალიან კარგად ვიცნობ, პირადად ვიცნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ ქვეყანაში საქართველოს საკითხითაა დაკავებული და სულ მიკვირდა, ამდენს რატომ ითმენდნენ. საქართველოში ერთი რამ არ ესმით, რომ ამერიკა არასდროს არავის არაფერს პატიობს არც პიროვნულ და მით უმეტეს, არც სახელმწიფოებრივ დონეზე.
რა თქმა უნდა, ის დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან ხისტი. უბრალოდ, წავიდნენ ქართველები და ლათინურ ამერიკაში იკითხონ, რა არის ამერიკა და იქ როგორ იქცევა. მიკვირდა, ჩვენ რატომ გვითმენდნენ ამდენს და ახლა მივხვდი, რომ მოთმინება აღარ არსებობს და ეს ილუზიებიც გაქრა, რაც ნიშნავს, რომ მოქმედებაზე გადადიან. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, სანქციები იქნება. იქ სანქციების ყველანაირი სპექტრია შესაძლებელი იმიტომ, რომ ამის უამრავი საშუალება აქვთ.
ჩვენ კი გვაინტერესებს, რაც ხდება თბილისსა და საქართველოში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება მსოფლიოში - რუსეთ-უკრაინის ომი, ამას დაემატა ახლო აღმოსავლეთი და სირია, ირანთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთის და ჩინეთის ამბავი, ატომური იარაღის საკითხი (რომლის ხსენებაც ბოლო დროს გახშირდა), ნატოს ახალი ფორმატირება და ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც.
დიდი ბოდიში, ეს კაცი მოდის 4 წლით, სამუდამოდ კი არა. ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და წარმოიდგინეთ, რამდენი შიდა პრობლემაა ამერიკაში. ეს ამოცანები აქვს დღეს ამერიკას და ჩვენ ამ სიაში არ ვართ. ყოველ შემთხვევაში, სიის პირველ გვერდზეც არ ვართ. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ სიაში არა როგორც მთავარი მოთამაშე, არამედ კონტექსტში - როგორც რუსეთის კონტექსტში, ან უკრაინის მოლაპარაკებების, ან რაღაცის კონტექსტში მაშინ, როცა დიდი რეგიონის, ან რუსეთის გავლენების განხილვა წავა“.