რამდენიმე დღეს საქართველო მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო, როცა პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მას შემდეგ, ორი დღეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლითა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შლის.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უამრავი ცნობილი სახე, სპორტსმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წევრები ეხმაურებიან. მათ შორის უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები.
მსოფლიოში ცნობილი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ყოველთვის აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. არც ამჯერად არის გამონაკლისი. თაკომ სოციალურ ქსელში ჯერ აქციის დარბევის კადრები გამოაქვეყნა, შემდეგ კი კომენტარი დაწერა პრემიერის განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე შსს-ს თანამშრომლებს მადლობას უხდის, "რომლებიც იგერიებდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას".
"რომელ საქართველოს კონსტიტუციაზე ლაპარაკობ?! წინაპრებს, ჩვენ და მომავალ თაობებს თავზე რომ დაგვახიეთ?!!" - წერს თაკო, პრემიერის განცხადების საპასუხოდ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული.
იზოლატორში მყოფი პირები უკვე მოინახულა ომბუდსმენმა. იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.
წაიკითხეთ ასევე: