ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ.
ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები. გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
რა ხდებოდა მთელი ღამე:
შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მძიმე ღამე იყო ბათუმისთვისაც, სადაც წუთით არ გაჩერებულ ღამით პროტესტი. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ამის შემდეგ ისინი პროტესტის ნიშნად აქცია-მსვლელობით, პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართნენ.
მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს.
“მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ქვეყანაში საჭიროა ხელახალი სამართლიანი არჩევნები. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ" ,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაასრულეს მათი განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა.