სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: