ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“, - წერს თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ელჩებს საჯაროდ მიმართა:
"მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.