ავტორი:

რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმი პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებს - მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა დაკავებები

რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმი პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებს - მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა დაკავებები

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა. მიმდინარეობს მომიტინგეების დაკავებები. დაკავების დროს პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეის.

ამასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში რამდენიმე სპეცრაზმელი შევიდა, სადაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ოფისს თავს აფარებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები, პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც მათი მისამართით ცრემლსადენ გაზს უშვებენ, ფეიერვერკებს ისვრიან.

უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ.

  • სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო განლაგებული, ტერიტორია დატოვა, ნაწილი კვლავ რჩება ადგილზე.

თუმცა, სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონის უკან კლავ რჩება წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.

რუსთაველის გამზირზე, “ცისფერ გალერეასთან” არიან შეკრებილები პროტესტის მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ისინი კვლავ ბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.

aqcia

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ბარიკადები აქვთ აღმართული.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.

დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან.

ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

იხილეთ ასევე: