“დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ - საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს!“ - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
მისი თქმით, "რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია და ხალხის ეშინია".
"ჩვენ გვჭირდება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ერთობა, გვჭირდება ხალხის ერთობა და საყოველთაო დაუმორჩილებლობა. რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია. მერწმუნეთ, მათ უფრო ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ვინმე სხვას. მათ ეშინიათ ხალხის, მათ ეშინიათ თქვენი და ძალა თქვენშია. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვდგავართ, ვიბრძვით ერთად. დღეიდანვე, რა თქმა უნდა, საერთო საკოორდინაციო საგანგებო მექანიზმის შტაბის სახით იქნება, რომელიც ყოველდღიური რეჟიმით მოგაწვდით ინფორმაციას. გავაგრძელებთ პროტესტს, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ! გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება. საქართველოს გაუმარჯოს!
აქ ჩვენ ბევრჯერ შევკრებილვართ და ბევრჯერ გვითქვამს, რომ რა აზრი აქვს ამ შეკრებას. მეგობრებო, ამ შეკრებას ის აზრი აქვს, რომ საბოლოოდ, გამარჯვება აუცილებლად მოვა. დღეს, ვინც ახლა გვიყურებს, შემოგვიერთდით! დავდგეთ ყველანი ერთად! დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. მასწავლებლებო, ექიმებო, მძღოლებო, დასაქმებულებო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებო საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს! საქართველოსთვის რუსეთი არასდროს არ იქნება. მერწმუნეთ, გამარჯვება არის გაცილებით ახლოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- მიმართა ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.