გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"არის საკითხები, რომელზეც ჩვენ კი არა, საზოგადოებაა შეთანხმებული. ეს საკითხი არის, მაგალითად, ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს საკითხი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და არჩევნები, როგორც მშვიდობიანი გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის. ქართველები დაიღალნენ იმით, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური ხელისუფლების საკითხები, აღარ უნდათ, უნდათ რომ ეს არჩევნებით გააკეთონ. მაგრამ არჩევნები ხელისუფლებამ მოგვპარა მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის. მშვიდობა, მშვიდობაო და საბოლოოდ, მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა - ერთმანეთთან დაპირისპირებამდე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელისუფლება, რომელსაც მშვიდობა უნდა, როდესაც მსოფლიოში გლობალურ დაპირისპირებას ხედავს, გამოდის და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა ერთობას, სადაც მშვიდობაა, არას ეუბნება და სად მიჰყავს ქვეყანა, გაუგებარია. ვერც ამბობენ, რა უნდათ. გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, მათ ღირსებას ვიღაც შეეხო.
რა ღირსებას? ვის ღირსება? ადამიანების ღირსებას, რომლებიც წლებია, გვატყუებენ, რომელთაც არჩევნები მოგვატყუეს, შემდეგ აიღეს და მოტყუებით მოიწვიეს პარლამენტის პირველი სხდომა, მოტყუებით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე და ახლა, უნდათ პრეზიდენტი აირჩიონ მოტყუებით. არჩევნები წინ ხომ გვეუბნებოდნენ, ევროპაში ღირსებით მიგიყვანთ, ცალ ფეხზე კი არა, ორი ფეხით მიგიყვანთო. ახლა გვეუბნებიან, ოთხი წელი დაელოდეთ, ევროპაში აღარ მივდივართ, 4 წლის მერე მიგიყვანთ, მაგრამ უფრო სწრაფადო. ეს სისულელეებია. გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ. ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, დათვრე იმ სიგიჟისგან, რაც გაკეთებული გაქვს. მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი, მომავალი, შენი შვილების მომავალი, შენი ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?
ამიტომ, ჩვენი, თითოეული ქართველის ბრალია. ბოლომდე ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ. გზა არის მთავარი - უნდა მოვახერხოთ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით მასზე ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი პარტნიორების ზეწოლით. საქართველოს მოქალაქეებს კი არ უნდა გაუუქმონ თავისუფალი, უვიზო რეჟიმი, არამედ ისინი უნდა დაასანქცირონ, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ვინც დღეს დადგა კიდევ ერთხელ სცენა, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ დგას - ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს რიგითი მოქალაქეები, ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და მათზე ისეთი წნეხი განხორციელდეს, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს დღეს აქციაზე.
"სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან. ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყნის ბედი. იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, სისულელეებს აკეთებენ. არავინ არსად შევარდნას არ აპირებს. აქ არის მშვიდობიანი აქცია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ ნებას, მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
წაიკითხეთ ასევე: