ავტორი:

პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა ელჩებს, საჯარო მოხელეებსა და პოლიციას - "დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხალხს გამოუცხადა ომი"

პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა ელჩებს, საჯარო მოხელეებსა და პოლიციას - "დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხალხს გამოუცხადა ომი"

დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

  • სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

"მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.

დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დასამტკიცებელი არაფერია და ყველაფერი ნათელია.

"მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაც ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს ყველაფერი ვუთხარი მათ.

ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა - ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავარი ახლა ღირსება და სამშობლოა.

"მე მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღოთ. დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა პირობები არის, როგორიც არის, თითქოს მზარდი ეკონომიკაა, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ელჩებსაც მიმართა:

"მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მიმართა პოლიციას, რომ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები.

"მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ. და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი. მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მე მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ჩვენს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება" - თქვა პრეზიდენტმა.

წაიკითხეთ ასევე: