ავტორი:

“თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია“ - მამუკა მდინარაძე

“თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია“ - მამუკა მდინარაძე

“[ოპოზიციას] მათ შურთ უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის.

“ამ მხარდაჭერამდე, ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარა-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ. საერთო ჯამში, ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ. ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე, გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა, მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს იმიტომ, რომ ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით და ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ ახლა და ხვალინდელი დღე ამით არის უზრუნველყოფილი.

ვინ არიან ამ ბრძოლაში ჩართულები? გარე ძალების წარმომადგენლები. თუ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ისინი ცდილობენ ოკუპაცია გაუკეთონ ადამიანის ტვინებს და დააჯერონ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული საქმე. თურმე მათ თუ დავუჯერებთ, გვარამია მაგარი და მართალი ქართველი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა. აჯერებენ მოსახლეობას, რომ ელექტრონულ არჩევნებში 2 100 მლნ ადამიანიდან 300 ათასი ხმა გაყალბდა. მოკლედ, მათ შურთ უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან.

ორი დღეზე მეტი არაფერი აქვთ სალაპარაკო ყაველაშვილის დიპლომის გარდა. ვითომ ახლა ძალიან შეიმჩნიეს ის, რომ მაგალითად 2 დღის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი მონა მორჩილი აირჩია პარლამენტმა და ფრაქციამ - დოქტორები; აგერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დოქტორია. იუსტიციის ერთი დოქტორ მინისტრს ცვლის მეორე დოქტორი მინისტრი. ვითომ ამაზე სულ გადაცემებს აკეთებდნენ. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ფორმა. დღეს გავიხსენეთ რამდენი პრეზიდენტი ყოფილა აშშ-ში დიპლომის გარეშე, აბრაამ ლინკოლნი, მათ შორის სპორტსმენიც. ეს, ალბათ, ოპოზიციურ არხებზე საერთოდ არ გავა და ისევ დიპლომი იქნება. ასეთია მათი ინტერესი და პროპაგანდა, ასეთია მათი გაგებით ის საქმე, რომელიც საქართველოს ემსახურება. სინამდვილეში, ემსახურება ადამიანების ტვინების ოკუპაციას, რომელსაც არ დავუშვებთ“,- განაცხადა მდინარაძემ.