ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" დასავლეთს პირდაპირ "აწყვეტილი“ პრორუსი დაუსვა" - ხათუნა ლაგაზიძე ყაველაშვილზე

"ქართულმა ოცნებამ" დასავლეთს პირდაპირ "აწყვეტილი“ პრორუსი დაუსვა" - ხათუნა ლაგაზიძე ყაველაშვილზე

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება არის ქართველი ერის, საქართველოს ისტორიის, აწმყოსა და მომავლის შეურაცხყოფა, თავზე ლაფის დასხმა და თავზე დახურვა - ეს ემოციური ნაწილი, რეალურად კი ეს არის სახელმწიფოს გაუქმება , - ასე შეაფასა ექსპერტმა, “აირჩიე ევროპის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება.

  • ლაგაზიძის თქმით, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუკიდან წაიშალა.

"წარმოიდგინეთ, აქ მარტო პრეზიდენტზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ქვეყნის მთავარსარდალზე და სიტყვების ამოთქმაც კი წარმოუდგენლად რთულია. თურმე, საქართველოს ჯარმა ვის წინაშე უნდა დადოს ფიცი. ამიტომაც ვამბობ, რომ სახელმწიფო გაუქმდა ამ ნაბიჯით. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუკიდან წაიშალა. პატარა გოგო აღარ ვარ, ასეთი შოკირებული არასდროს ვყოფილვარ, რა შოკიც დღეს მივიღე.

"ქართულმა ოცნებამ” ასე დემონსტრაციულად, დასავლეთს, რომელსაც თუ კიდევ რაიმე ილუზიები ჰქონდა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის, პირდაპირ „აწყვეტილი“ პრორუსი დაუსვა. გასაგებია, რომ ჩვენი კონსტიტუციით, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მინიმუმზე დაყვანილი, მაგრამ საქართველოსნაირი ქვეყანა, რომელსაც ყოველწუთიერად უდგას ლამის გამოწვევა საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს, როცა მთავარსარდალი თავის ფუნქციებში შედის და თავდაცვის საბჭო იწყებს ამოქმედებას, ეს წარმოუდგენელი თავზარდაცემაა”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთს გზა გადაუკეტა და პარტნიორებს ამ ქვეყანაში აღარავინ მოიწვევს.

"საუბარი იამზე, რომ ვინც არ უნდა დაესვა “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტად, მას დამოუკიდებლობის ის ხარისხი ექნებოდა, რაც მის წინამორბედებს, ამის ილუზია არავის ჰქონდა, ვიცოდით, რომ მაქსიმალურ მართვად კანდიდატზე შეჩერდებოდა არჩევანი, მაგრამ ეს მოცემულობა, რაც დღეს შეიქმნა, კიდევ იმაზე მიგვანიშნებს, რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ. ვინმეს თუ ეგონა, რომ ამათმა თავიანთი მიიღეს, გაძღნენ ძალაუფლებით და გაჩერდებიან, არა - ამით გვაჩვენა, რომ ახალი წლები რომ ჩაივლის, დაიწყება დიდი და მასობრივი ტერორის ტალღა, მე ასეთი განცდა მაქვს. ქართველი ხალხის გარდა კიდევ თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა და ხელთათმანი ესროლა ამით, ეს არის დასავლეთი. დასავლეთს ამ ქვეყანაში აღარ რჩება ოფიციალური პარტნიორი, რომელიც მათ ქვეყანაში მოიწვევს. რეალურად ყველა გზა გადაუკეტა დასავლეთს აქ ჩამოსასვლელად”, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

წაიკითხეთ ასევე: