პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას ნიშნავს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს “თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, რადგან ამის უფლება მისცეს“.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტრაგიკომედიაა, რადგან “ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას დასცინის“.
“ის თვლის, რომ ღმერთი არის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების ანალიზს აზრი არ აქვს. მისი გზები არის შეუცნობელი. ადამიანური ლოგიკით ეს ტრაგიკომედიაა. არც ტრაგედია არის და არც კომედია იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა ადამიანურ ენაზე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მან ეს ბოლო ინსტიტუტი, ბოლო სანთელიც ჩააქრო ქართულ ინსტიტუციურ დემოკრატიაში და ისიც საბოლოოდ მიისაკუთრა. ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს ინსტიტუტიც უკვე არის გაუქმებული. მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა პრეზიდენტის ინსტიტუტს გაუქმებას ნიშნავს. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებაზე? ეს ხომ აბსურდი იქნება. მართლა შეეძლო პინგვინის დანიშვნა, არ შეეძლო? შეეძლო, მაგრამ მთლად პინგვინი არ დანიშნა“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყო და გააუქმა კონსტიტუცია“.
“მან თქვა, კონსტიტუციაც მე ვარ, კანონიც მე ვარ, ყველა ინსტიტუტიც მე ვარ და კანონიც, მეტი არაფერი არსებობს ამ ქვეყანაშიო. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში თბილისის ცენტრში მავზოლეუმის ან პირამიდის მშენებლობაც დაიწყოს, ფარაონობა უფრო მოსწონს თუ ლენინის როლი, არ ვიცი. აი, ასეთი სევდიანი ვითარება გვაქვს“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
იხილეთ ასევე: