ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის - „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების მესამე შეხვედრას უმასპინძლეს. ღონისძიების მიზანს დაინტერესებული მხარეებისა და ბენეფიციარების ერთად თავმოყრა და საქართველოში ქალთა ICT უნარებისა და კარიერული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით მსჯელობა წარმოადგენდა.
ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნანა რამაზაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გაციფრულების პროგრამის მენეჯერმა; ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა და ნინო ესაკიამ, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ციფრული კომიტეტის თანა-თავმჯდომარემ.
დაინტერესებულ მხარეთა მესამე შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნებთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორიცაა ქალთა საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარება და კარიერული შესაძლებლობები. მენტორებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განიხილეს ტრენინგის პროცესის პოტენციური განახლებები, რათა უზრუნველყონ შედეგზე ორიენტირებული პროგრამის შეთავაზება დაინტერესებული მხარეებისთვის.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი - „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’, მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას, რეგიონული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის გარეთ რეგიონებიდან მონაწილეთა მინიმუმ ერთი მესამედის შერჩევით. ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში ხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პირველი ნაკადის ბენეფიციარების გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყო და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორია ჩართული. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება 2024 წლის დეკემბერში, რა დროსაც მენტორობის პროგრამას 100-ვე ბენეფიციარი წარმატებით დაასრულებს.
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, როგორც ტექნოლოგიური ისე რბილი უნარების განვითარების გზით, რათა მათ შეძლონ ღირსეული კონკურენციის გაწევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების მეშვეობით, აღნიშნულ ინიციატივას, უდიდესი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში; კერძოდ, ხარისხიანი განთლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდისა და თანამშრომლობის მიმართულებით. ამ ეტაპზე ტრენინგში მონაწილეობს 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი, რომლებიც ინტენსიური სესიების მეშვეობით ითვისებენ ხუთ ტექ მიმართულებას.
„ევროკავშირი დიდი ხანია აღიარებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ "ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში" პროექტს საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალების მენტორობის პროცესში და ეხმარება მათ ტექნიკური კომპეტენციების გაძლიერებასა და ლიდერობის უნარების განვითარებაში. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეპოქაში წარმატების მისაღწევად, რომელიც თავის მხრივ მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება”, - განაცხადა ნანა რამაზაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გაციფრულების პროგრამის მენეჯერმა.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აფასებს ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას. ჩვენი მისია, გავაძლიეროთ ქალების მონაწილეობა ტექნოლოგიების სფეროში, სრულად შეესაბამება ჩვენს ფართო ხედვას სოციალური და ეკონომიკური წინსვლის წახალისების შესახებ. განათლების, მენტორობისა და პრაქტიკული ტრენინგების გზით ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს, რომ წარმატებას მიაღწიონ ტექნოლოგიების სექტორში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ფორმირებაში“, – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ.
ღონისძიებამ გააერთიანა პროექტის მენტორები,ლექტორები, ექსპერტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაზე არიან ორიენტირებულნი.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/
პროექტის შესახებ
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბიზნეს ასოციაციასა და ლიეტუვურ Women Go Tech-თან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს, ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას, ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას.
R