მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო “ქართული ოცნების” გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის , - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო “ქართული ოცნების” გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანდო დიდი პასუხისმგებლობა და მომცა უნიკალური შესაძლებლობა, იუსტიციელთა ღირსეულ, პატრიოტ და სანიმუშო პროფესიონალების გუნდთან ერთად ვყოფილიყავი ქართველი ხალხის სამართლიანი ინტერესების სამსახურში. მადლიერი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის მთავრობის შემადგენლობაში მუშაობის პერიოდით. 2021 წელს მუშაობა ცარიელი ფურცლიდან არ დამიწყია, პირიქით, დამხვდა ჩემი წინამორბედების, ქალბატონი თეა წულუკიანისა და ბატონი გოჩა ლორთქიფანიძის მიერ იუსტიციის სამინისტროს სისტემის განვითარებისთვის გაწეული დიდი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს.
ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ადამიანზე ორიენტირებული ბევრი ინოვაციური იდეა განხორციელდა, რომლის არასრული ჩამონათვალიც შეგიძლიათ აქ იხილოთ.
ეს ყველაფერი განახორციელა იუსტიციელთა ერთ დიდ ჯაჭვად შეკრულმა გუნდმა, რომელშიც თითოეული რგოლი განსაკუთრებული და საკუთარი უნიკალური თვისებების მატარებელია. მინდა ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო მაღალი ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პროფესიონალიზმისათვის.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც უსამართლობა სრული არსენალით ებრძოდა სიმართლეს, ბევრ რთულ გამოწვევას უკავშირდებოდა. მრავალი შავი მილიონით დაფინანსებული, მასშტაბურად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიით ქართულ სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის წამებას, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვასა და პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნას აბრალებდნენ. დეზინფორმაციის მძლავრ მანქანას სახელმწიფო ინტერესების უკომპრომისო დაცვა, სამართლიანობა, კანონიერება და ბრძოლისუნარიანობა დავუპირისპირეთ, რის შედეგადაც როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე და ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტური საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავებული და უკვე ამოქმედებული პენიტენციური კოდექსია, რომელიც თვისობრივად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას.
2012 წელს, როდესაც ციხეში წამება და ადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ 12 წლის თავზე პატიმარს დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებოდა. „ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტმა, რომელიც ქართული სიახლეა, ევროპის მასშტაბით პენიტენციურ სისტემებში ყველაზე ინოვაციური პროექტების სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავა.
პენიტენციურ დაწესებულებებში გავხსენით იუსტიციის სახლები, რის შედეგადაც პატიმრებს სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლიათ. სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მიღებითა და განხორციელებით მსჯავრდადებულებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში პროფესიონალი მწვრთნელები ავარჯიშებენ და რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები.
რესოციალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად თბილისში ამოქმედდა მაღაზია „RE-MARKET“, რომელშიც ნებისმიერ მსურველს მსჯავრდადებულთა მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა არათუ ადგილზე, არამედ ინტერნეტის და მათ შორის ვოლტის აპლიკაციის მეშვეობითაც შეუძლია. სიამოვნებით მახსენდება არაერთი უცხოელი მეგობრის სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე, როდესაც ტელეფონში ამ შესაძლებლობას ვაჩვენებდი.
ლაითურში გაიხსნა უმაღლესი სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი. რუსთავში უახლოეს მომავალში ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება, რაც სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართულ პენიტენციურ სისტემაში.
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სააკაძეში გავხსენით სასწავლო ბაზა, სადაც ჩვენი თანამშრომლები, ავტომობილის ექსტრემალურ სიტუაციაში მართვის უნარებით დაწყებული, იმიტირებულ სასამართლო დარბაზებში პატიმართა განთავსების შესწავლით დასრულებული, საჭირო ცოდნასა და უნარებს იძენენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ დაწესებულებას აქვს პენიტენციური სისტემების თანამშრომელთა საერთაშორისო სწავლებების ჩატარების პოტენციალი, რაც საქართველოს პოპულარიზაციის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა.
უსაფრთხოების ხარისხის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად შეიქმნა მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით მზადდება.
სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით გავხსენით მრავალი ინოვაციური პროექტითა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი „სტუდია იუსტიცია“, რომელიც თანამედროვე იურისტის პროფესიულ განვითარებაში თავის ღირებულ წვლილს შეიტანს და მრავალ ახალგაზრდას სამართლიანობის დაცვის სამსახურში ჩადგომის ინტერესს გაუღვივებს.
კიდევ ერთი საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციაა თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „Probbox”, რომელიც პრობაციონერებს ბიუროებში გამოცხადების გარეშე საკუთარი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტში წარსადგენად მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პრობაციის სისტემის საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს.
აქსიომაა, რომ წარსულის ცოდნა უკეთესი მომავლის საწინდარია. ქართველებს მდიდარი სამართლებრივი ისტორია გვაქვს, რომელსაც ჩვენთან ერთად უცხოელებიც უნდა იცნობდნენ. ამ სულისკვეთებით განმსჭვალულებმა გავხსენით სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რომლის დამთვალიერებელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წარსულსა და აწმყოში მოგზაურობის შემდგომ, რწმუნდება, რომ ქართული მართალი სამართლით ნებისმიერი უსამართლო წინაღობის დაძლევა მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზეა.
სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშესაწყობად დავაფუძნეთ ჟურნალი იუსტიცია, რომლის უკვე გამოცემულმა მრავალმა ნომერმა მისი საჭიროება, სიცოცხლისუნარიანობა და განვითარების პოტენციალი დაადასტურა. მეცნიერებისა და სამართლის პრაქტიკოსების დიალოგის ხელშესაწყობად შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დასრულდა სამართლის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელშიც ევროკავშირის სამართლის ცენტრი და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ინსტიტუტი უნდა გაიხსნას.
იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული გეგმების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტროში 2024 წელს დაფუძნდა ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა - კლუბი „YOUTHTITIA“, რომლის ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებიც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ერთი წლის განმავლობაში საკუთარ იდეებს განახორციელებენ.
დავნერგეთ საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებული 48 პროექტის შედეგად დაინტერესებულ საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარი ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით აღსანიშნავია იუსტიციის სახლების ინფრასტრუქტურის განვითარება და რაოდენობის ზრდა. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, ცოტა ხნის წინ კი თერჯოლაში 123-ე გავხსენით. მიმდინარეა იუსტიციის სახლების მშენებლობა ცაიშში, საგარეჯოში, გლდანში, ახმეტაში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტსა და ჭალაში.
ამოქმედდა სრულიად ახალი ინიციატივა - მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც სოფლად, იუსტიციის სახლისაგან მოშორებით მცხოვრებ, მოსახლეობას საკუთარი სახლის ჭიშკართან აწვდის 500-მდე მომსახურებას. დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სერვისით უკვე 130 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა.
გაიზარდა ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი და ნოტარიუსების რაოდენობა, რაც დადებითად აისახა სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე.
ამოქმედდა ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული „ბიზნესასისტენტის“ პროგრამა, რაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფი და კომფორტული წვდომის შესაძლებლობას სთავაზობს.
დაინერგა ინოვაციური ქართული პროდუქტი - გონიერი კონტრაქტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები, ინტერნეტში ჩართული მოწყობილობებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, დაცული აპლიკაციის მეშვეობით, მარტივად და უსაფრთხოდ დადებენ გარიგებებს, აიღებენ იპოთეკურ სესხებს, გადაიხდიან ნასყიდობის საფასურს და თანადროულად მიიღებენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. ეს სიახლე დიდ დახმარებას გაუწევს ქართულ დიასპორასაც.
ქართული სახელმწიფო სერვისების წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა გაეროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026 წელს საქართველო გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს.
ცოდნა გაზიარებას საჭიროებს, რაც ახალი იდეებისა და მომავალი წარმატების საწინდარია. ჩვენ ხელი შევუწყვეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებას. ტრადიციად დამკვიდრდა ორმხრივი სამართლებრივი ფორუმები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა: გერმანია, ჩეხეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ რიცხვს მალე უნგრეთიც შეემატება.
საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელმაც წარმატების ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა. 2022-2024 წლებში, არასრული 3 წლის მანძილზე, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში, 10-ჯერ ნაკლებ დროში, სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე უსასყიდლოდ გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხანგრძლივი და შეუპოვარი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა საქმე (მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 300 საქმე), რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სიმართლის ბასრი მახვილი ნებისმიერ უსამართლო გოლიათს დაამარცხებს.
საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას ბევრი მებრძოლი ემსხვერპლა და დაიჭრა რომელთა შორისაც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ. ბევრი პიროვნული მიზეზის გამო ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას, რაც შესაძლებელი გახდა.
მიწურულს კი ვიტყვი, რომ სამინისტროში შემოსვლისთანავე, მთელი სისტემის მასშტაბით ყველა შეხვედრის ოთახს დაერქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქალაქებისა და სოფლების სახელი. სიმბოლურია, რომ სოხუმში არაერთი პრინციპული და რთული შეხვედრა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონიერება, მონდომება და სამშობლოს წინაშე ჩვენი მოვალეობების ერთგულად შესრულება აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობით სოხუმში. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, სიმართლე გაიმარჯვებს. ვემსახურებით საქართველოს”, - წერს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.