შეიძლება ბრძოლა ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ, მერწმუნეთ, არცერთ წამს, არცერთ წუთს ჩვენგან უკან დახევას არ იხილავთ! - შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც თქვენგან [ხალხისგან] იქნება ლეგიტიმური და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, - ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.
"ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა. გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობაა, რომელთაც უნდათ, ეს ქვეყანა მიიტაცონ, მაგრამ, პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიტანთ. არცერთი წუთით არ დავიხევთ უკან. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, თქვენ გაიმარჯვოთ და ხელისუფლებაც და ეს ქვეყანაც გეკუთვნოდეთ თქვენ და არა ვიწრო ჯგუფს, რომელსაც მიტაცებული აქვს დღეს ხელისუფლება.
ჩვენ ბოლომდე თქვენთან ერთად მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს, გამარჯვებული იყოთ თქვენ! მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც ყველას გინდათ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლის ხაზი პროტესტი და საგარეო ასპარეზი იქნება.
"ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი; ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება საგარეო ასპარეზი; ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება თქვენთან ერთად. სულ მალე დადგება ის წამი, როდესაც გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ.
დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, იწყება სრულიად ახალი პროცესი. დღევანდელ დღეს „ქართულმა ოცნებამ“, ივანიშვილმა საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის მიღმა და აქედან გამომდინარე, გადავდივართ ახალ ეტაპზე, როდესაც ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ჰყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებას უწოდებს თავს. ჩვენ, ყველა შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საბოლოოდ ჩაბეტონდეს ის, რომ არ მოხდება არ არჩევნების აღიარება. თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ.
ბრძოლა არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვო. თუ ხელს ჩამოვუშვებთ, მტერი გაიმარჯვებს. თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლას, წინსვლას, შედეგი ექნება. თქვენ წინაშე ვფიცავ, არცერთი წამით არ დავიხევთ უკან! ვივლით წინ და ამ გამარჯვებს მოგიტანთ თქვენ! გამარჯვებას მოვიპოვებთ თქვენთან ერთად! თქვენ ხართ ამ ქვეყნის ნათელი წერტილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრებას. მჯერა, რომ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას საკუთარი, ღირსეული ადგილი ექნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.