ავტორი:

ვილნიუსის აეროპორტთან, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი - "გაგვიმართლა, რომ სახლს არ დაეცა"

ვილნიუსის აეროპორტთან, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი - "გაგვიმართლა, რომ სახლს არ დაეცა"

ორშაბათ დილით, ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტში ჩაფრენისას DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. Boeing 737 ლაიფციგიდან მოფრინავდა.

თვითმფრინავი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ჩამოვარდა, - იუწყება Delfi, ავარიის ადგილზე კი ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

"გაგვიმართლა, რომ თვითმფრინავი სახლს არ დაეცა", - განაცხადა სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რენატას პოზელამ.

მისივე თქმით, ეკიპაჟის ოთხივე წევრი, მათ შორის ორი პილოტი, იპოვეს. მათგან ერთი გარდაიცვალა.

ტელევიზიისა და რადიო კომპანია LRT-ის ცნობით, თვითმფრინავში ორი პილოტი და DHL-ის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

"პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი ჩავარდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, რომელშიც ოთხი ბინაა განთავსებული და სამი ოჯახი ცხოვრობს. მეხანძრეებმა 12 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, არავინ დაშავებულა", - წერს Delfi.

ვილნიუსის აეროპორტში უკვე მუშაობა განახლდა.

Boeing 737 სატვირთო თვითმფრინავი ლაიფციგიდან ადგილობრივი დროით 02:08 საათზე აფრინდა. თვითმფრინავი წარმოებულია 1993 წელს და მას იყენებდა ტვირთებისა და დოკუმენტების მიწოდების საერთაშორისო კომპანია DHL.