ადამიანის მთლიანი მიკრობიომი, რომელიც უამრავი ბაქტერიის, ვირუსის და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობაა, უდიდეს კავშირშია ადამიანის იმუნური, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებასთან. ის ორგანიზმისა და გარე სამყაროს ურთიერთკავშირის შედეგად ყალიბდება და ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მისი ცენტრალური ნაწილის, ნაწლავის მიკრობიომის, ანუ მიკრობიოტას დარღვევას დისბიოზი (დისბაქტერიოზი) ეწოდება. ამ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ალერგია, კარდიო-ვასკულარული და ნევროლოგიური დაავადებები, ასევე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
თანამედროვე მედიცინაში მიკრობიომის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისათვის ფაგების გამოყენება ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - თერაპევტი ლია ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ კლინიკაში, რომელიც უკვე 15 წელია ელიავას კონსორციუმის ფარგლებში არსებობს, ფაგების გამოყენების უდიდესი გამოცდილებაა დაგროვებული. ქართველი და უცხოელი პაციენტები ხშირად მიმართავენ კლინიკას ნაწლავის მიკრობიომის დარღვევით - დისბიოზით.
ლია ნადარეიშვილი მიკრობიომის ფუნქციასა და დარღვევებზე, ასევე მკურნალობაზე დეტალურად გვესაუბრება.
რა არის მიკრობიომი და რა როლი აქვს ადამიანის ორგანიზმში?
მიკრობიომი არის ტრილიონობით მიკრობის, სოკოსა და ვირუსის ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობენ. ისინი განთავსებულია როგორც ორგანიზმის შიგნით, ისე მის კანზე. მიკრობიომში ცენტრალური ადგილი უკავია მსხვილი ნაწლავის მიკრობიომს (მიკრობიოტას).
ამ რთულ ეკოსისტემაში მიკრობების ბალანსი აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და ამ ბალანსის დარღვევა ბევრი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ თანამედროვე მედიცინაში მიკრობიომის შესწავლას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
2007-2016 წლებში ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ განხორციელდა ადამიანის მიკრობიომის შესწავლის უდიდესი პროექტი. რომელმაც უამრავი აღმოჩენა გააკეთა და ორგანიზმისთვის მიკრობიომის უმნიშვნელოვანესი როლი დაადგინა.
კვლევების მუდმივად მზარდმა რაოდენობამ დაგვანახა, რომ მსხვილი ნაწლავის მიკრობიომის მიერ წარმოქმნილი მეტაბოლური ნივთიერებების საშუალებით ქიმიური კავშირი მყარდება ნაწლავის მიკრობიომსა და სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებს შორის. მათ შორის შეიძლება იყოს ნერვული სისტემა, სასუნთქი სისტემა, ღვიძლი და ა.შ. შესაბამისად, დადგინდა რომ მიკრობიომის დარღვევა შეიძლება ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდეს, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ალერგია, კარდიო-ვასკულარული და ნევროლოგიური დაავადებები, ასევე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები. შესაბამისად მიკრობიომის, ძირითადად ნაწლავის მიკრობიომის სიჯანსაღე ამ დაავადებების თავიდან აცილების საწინდარია.
ნაწლავის მიკრობიოტაში ხდება ისეთი ვიტამინების წარმოება, რომელთა საწარმოო გენიც ჩვენ არ გვაქვს, ამასთან, ბაქტერიების მიერ ხდება საკვების საბოლოო დაშლა, რა დროსაც გამოიყოფა სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებები, მიკრობიომი „ასწავლის“ ჩვენს იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნოს საშიში დაავადების გამომწვევი მიკრობები და აწარმოოს დამხმარე ანთების საწინააღმდეგო ნაერთები.
რა იწვევს მიკრობიომის რღვევას?
მიკრობიომის რღვევას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იწვევს. ყველაზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტიპის ინფექციის თანმხლები დარღვევები. ამავდროულად, ეს დარღვევები დაკავშირებულია ადამიანის გენოტიპსა და ფსიქოტიპთან. ეს ნიშნავს, რომ სტრესი, რომელსაც ადამიანი განიცდის, იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და მათ შორის, მიკრობიომის დარღვევას.
მიკრობიომზე გავლენას ახდენს არაჯანსაღი კვება, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, ქრონიკული სტრესი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, ცხოვრების პასიური რეჟიმი, ძილის ნაკლებობა.
მიკრობიომის და მისი რღვევის მიზეზების კვლევა დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან მიზეზები ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც.
რა აწუხებს ადამიანს ნაწლავის მიკრობიომის დარღვევის დროს?
მიკრობიომის რღვევა ხშირად თან ახლავს ნაწლავის ფუნქციურ აშლილობებს, როგორიცაა მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი (ე.წ. SIBO), რეფლუქს დაავადებები, რომლებიც ძალიან ხშირია თანამედროვე პირობებში. თუმცა, ნაწლავის მიკრობიოტას დარღვევა ნაწლავების ანთებითი დაავადებების - კრონის დაავადებისა და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დროსაც გვხვდება.
დისბიოზის დროს ადამიანს შეიძლება აწუხებდეს მუცლის ტკივილი, შებერილობა, ფაღარათი, ყაბზობა, ასევე, ქრონიკული დაღლილობა, შფოთვა და სხვა.
რა როლი აქვს ფაგებს მიკრობიომის რღვევის მკურნალობაში?
მთელ მსოფლიოში მიდის ანტიბიოტიკორეზიტენტობასთან ბრძოლა. ეს გახდა გლობალური გამოწვევა და დაიწყო ალტერნატიული გზების ძებნა. მასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური გზა კი გახლავთ ფაგები, რომლებიც ბაქტერიის რეალური მტერია, მათ ბაქტერიის ვირუსსაც უწოდებენ.
ფაგები აღადგენს ბალანსს „კარგ“ და „ცუდ“ ბაქტერიებს შორის. ისინი პოზიტიურ გარემოს ქმნიან ნაწლავებში და იმუნომოდულატორის როლს ასრულებენ. ფაგებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც გააჩნიათ.
როგორ ხდება ფაგების შერჩევა მიკრობიომის სამკურნალოდ? უფრო ხშირად გამოიყენება სერიული ფაგები თუ ინდივიდუალურად შექმნილი ფაგები?
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ადამიანის დიაგნოზს. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა სტანდარტული მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც ფაგების პარალელურად პაციენტს საჭიროებისამებრ ენიშნება სხვა მედიკამენტებიც.
რაც შეეხება ფაგებს, მათი შერჩევა ხდება ბაქტერიების, ფაგების მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. პრეპარატის შერჩევამდე ხდება მიკრობიომის შესწავლა განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად. ეს გახლავთ კომბინირებული ანალიზი, რომლის დროსაც მიმდინარეობს როგორც პათოგენური ბაქტერიების აღმოჩენა, ისე მიკრობიომში ბაქტერიების ბალანსის დადგენა, ანუ დისბიოზზე კვლევა. კეთდება ტესტი მგრძნობელობაზე და ინიშნება შესაბამისი ფაგი. დისბიოზის დროს ხშირად გამოყენებული ფაგებია - ინტესტი ბაქტერიოფაგი, ენკო ბაქტერიოფაგი.
შესაძლებელია თუ არა ფაგების გამოყენება პრევენციის მიზნით?
თუ ადამიანს კონკრეტული ჩივილი არ აქვს, ფაგების გამოყენება საჭირო არ არის. თუმცა მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, პერიოდულად ფაგების მიღება რეკომენდებულია, რომ დაავადების თავიდან განვითარება არ მოხდეს.