ავტორი:

შესაძლოა სომხეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ "რეალის" ლეგენდამ - რაულმა გაწვრთნას?

შესაძლოა სომხეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ "რეალის" ლეგენდამ - რაულმა გაწვრთნას?

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. პლეი-ოფების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

პირველი მატჩი სომხეთში 2025 წლის 20 მარტს გაიმართება, განმეორებითს კი საქართველო 23 მარტს უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ა.წ. ოქტომბრის ბოლოს დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთა ლიგის მეოთხე ტურში სომხეთმა საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან.

პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. 67 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და 10 წააგო.

სომხეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიქოღოსიანმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის მოლაპარაკებებზე Fast Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოლაპარაკებები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი შეხვდა მიშელ ტერ-ზაქარიანს, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური მოთხოვნები აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ მარგარ აღაჯანიანის ვერსია და შევხვდით მას.

გვინდა, რომ ახალი მწვრთნელი უცხოელი იყოს. კაპაროსმა და პეტრაკოვმა აჩვენეს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სპეციალისტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. მივხვით იმასაც, რომ სასურველია ახალი მწვრთნელი ახალგაზრდა იყოს, რადგან ახალგაზრდა პროფესიონალები უფრო მეტის მიღწევას ცდილობენ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანდიდატთა სიაში ლეგენდარული რაულიც გვყავს.

"ნოას" მთავარ მწვრთნელ რუი მოტაზე გავრცელებული ინფორმაცია კი ტყუილია", - თქვა ნიქოღოსიანმა.

ინფორმაციისთვის, რუი მოტა ის ადამიანია, რომელიც გორის "დილას" წვრთნიდა და შემდეგ სამუშაოდ სომხეთში წავიდა.

ერთა ლიგის ბოლო 2 ტურში სომხეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელის მოვალეობას 52 წლის სურენ ჩახალიანი ასრულებდა.

იხილეთ ასევე: