ავტორი:

“ახალი პრეზიდენტი იქნება ქართველი პატრიოტი... ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება“ - შალვა პაპუაშვილი

“ახალი პრეზიდენტი იქნება ქართველი პატრიოტი... ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება “ქართველი პატრიოტი“.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

“ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის სმა, ეს არის საკუთარი სამშობლოს და სახლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს არ ჰქონდა, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად, საბოლოო ჯამში. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით.

რაც შეეხება კანდიდატურას - ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს და ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება. ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ გვაქვს.

არჩევნები შედგება პარლამენტის შენობაში. მას ჩაატარებს ცესკო. საარჩევნო უბანი სხდომათა დარბაზში მოეწყობა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.