დავით კირთაძეს, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს - კირთაძე ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს
ცესკოში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელმაც 16 ნოემბრის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს - კირთაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს.
კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს. ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით (კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, “გ“ ქვეპუნქტი) აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი. ასეთი პირი ცესკოს წევრად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ვერ დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ცესკოს პარტიული შემადგენლობა ხელახლა - 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს.