მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბაია კვიციანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 14 ნოემბერს გამოსცა.
კვიციანი "ქართული ოცნების“ 2024 წლის საპარლამენტო სიაში აღარ ყოფილა, თუმცა ამჯერად სიის მე-16 ნომერი მისი სიძე, დის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც პარლამენტში შედის.
ბაია კვიციანის ოჯახისთვის პოლიტიკა ახალი არ ყოფილა, დების, ბაია და მაკა კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანი გახლავთ. მდიდარი ბიზნესმენი 1964-1970 წლებში მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე იყო. 1976-1992 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ 2008 წელში მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.
ბაია კვიციანის "ოცნების" სიაში მოხვედრის შემდეგ ამბობდნენ, რომ ის პარტიულ სიაში კახა კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი და მაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის.
ბაიას კარიერისა და ცხოვრების გზა მრავალფეროვანია. განათლებით ხელოვნებათმცოდნე, მან სწავლა ლონდონში გააგრძელა და ადამიანის რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ევროპის ბიზნეს სკოლაში.
მისი ბავშვობა, როგორც თავად იხსენებს, ადვილი არ ყოფილა. ჭარბ წონასთან ბრძოლა მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ბაია იხსენებს, როგორ აოცებდა დედამისის რეაქცია, როცა საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული 35 კილოგრამით მომატებული დახვდა:
"თინეიჯერობას მქონდა ჭარბი წონა და ეს საკმაოდ რთული იყო... მიჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი - ბავშვობაში უჭმელი ვიყავი და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კვება ვერ გავაკონტროლე. ჩვენთან არ იყო მაშინ ასეთი ხელმისაწვდომი ტკბილეული და ფუნთუშები და იქ უფრო მეტი არჩევანი იყო და ვაგემოვნებდი. რომ ჩამოვედი, დედას საოცარი რეაქცია ჰქონდა, 35 კილო მქონდა მომატებული. რეაქციებით მივხდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა, თავად ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი. ეს ხდებოდა 1996-1997 წლებში. როგორც პატარაობიდან ბავშვს ზრდილობასა და ჰიგიენას ასწავლი, ისე უნდა ასწავლო სწორი კვება და შემდეგ პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.
დედამ ყველაფერი გადადო და სპეციალისტთან მიმიყვანა და ნელ-ნელა დავიწყე კლება. გამონათქვამია, ყველაფერ თეთრს უნდა შეეშვა 30 წლის ზევით, მაგრამ ათ დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას, მაინც შეიძლება გემრიელი კვების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუმცა სიგამხდრე არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ბევრ კილოგრამს იკლებ, ფობიაში გადაგდის ზედმეტი 100 გრამის მომატებაც კი.
კლების პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უცებ გავიღვიძე და არაფერი აღარ უნდა მეჭამა, ამ დროს ვიყავი მოზარდი, მაგრამ ეს გამოცდილება რომ არა, ასეთი ორგანიზებული დღეს ვერ ვიქნებოდი. ამან მასწავლა, რომ საკვები არ არის სიამოვნება..." - ამბობდა ბაია ინტერვიუში.
ბაია 2013 წელს ბიზნესმენ გიორგი ანთაძეზე დაქორწინდა. გრანდიოზული ქორწილი თბილისის ზღვის კლუბში გაიმართა. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ, გაბრიელი, რომელიც 2015 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა.
ბაია კვიციანი "დალოოდის" გენერალური დირექტორი გახლდათ. კომპანია სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით ქმნის უნიკალურ პროდუქტებს. მის სახელზეა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომერციული ფართის 50%, რომელიც დედასთან, დიზაინერ ნანა შუკვანთან ერთად ფლობს. ასევე, მისი საკუთრებაა ბინა ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს აჩუქეს.
კვიციანი-ანთაძის წყვილმა შვილისთვის საჩუქრის სახით გასულ წელს, 24 600 დოლარი და 3500 ევრო გაიღეს. ბაია კვიციანს კი ძმამ 6000 ლარი აჩუქა. მამამ შვილის სწავლის საფასურში 6080 ლარი გადაიხადა, ბაიამ მოგზაურობაში 8231 ლარი დახარჯა, ხოლო პირადი მოხმარების ნივთების შესაძენად 5890 ლარი. გიორგი ანთაძემ სასაჩუქრედ 20 000 ლარის ნერგი შეიძინა.
ახლა უკვე მინისტრის მოადგილის მეუღლე Range Rover Sport-ით გადაადგილდება, რომელიც 2016 წელს 63 300 ევროდ შეიძინა. მის კუთვნილებაშია ასევე მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER 300 რომელშიც 2022 წელს 75 000 დოლარი გადაიხადა.