ავტორი:

"ინსულტით გარდაცვლილი, 26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს... ჩემი და ამ დიაგნოზით დაიღუპა" - 21 წლის ქართველი გოგონას ისტორია, რომელსაც 13 წლის ასაკში საოცარი ოპერაცია ჩაუტარდა

"ინსულტით გარდაცვლილი, 26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს...  ჩემი და ამ დიაგნოზით დაიღუპა" - 21 წლის ქართველი  გოგონას ისტორია, რომელსაც 13 წლის ასაკში საოცარი ოპერაცია ჩაუტარდა

გულს იმ პაციენტს უნერგავენ, ვისაც გულის ისეთი მძიმე უკმარისობა აქვს, რაც წამლებითა და სხვა ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება. გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა 95%-ის მდგომარეობა, დატვირთვისა და ყოველდღიური აქტივობის თვალსაზრისით, საგრძნობლად უმჯობესდება... რთული და სარისკო ოპერაციაა, რასაც უამრავი პრობლემა ახლავს.


ახლა 21 წლის ქართველი გოგონას ქეთი ქარუმიძის ამბავი უნდა მოგიყვეთ, - მას გული 13 წლის ასაკში გადაუნერგეს. თავის ოჯახთან ერთად, გოგონას წლების განმავლობაში უმძიმესი დღეები აქვს გამოვლილი.


  • რატომ გახდა აუცილებელი მისთვის გულის გადანერგვა, როგორ დაძლია ურთულესი პრობლემა და დღეს როგორ გრძნობს თავს, ამაზე ქეთი გვიამბობს.

- ქეთი, ვიდრე შენს თავგადასავალს მოგვიყვები, გვითხარი, ამ ეტაპზე რას საქმიანობ?



- ჯანმრთელობის პრობლემის გამო, 9 კლასის შემდეგ, სასწავლებლად პროფესიულ კოლეჯში გადავედი, სადაც დაახლოებით 2 წელი ჯერ კონდიტერია და შემდეგ კულინარია შევისწავლე. ახლა სტაჟიორი ვარ და მუშაობის დაწყებას ვაპირებ. აქამდეც ვმუშაობდი, ჯერ სასტუმროში - საუზმეზე და ხალხის მომსახურება ბარშიც მიწევდა. ვიყავი ერთ-ერთ ჰიპერმარკეტშიც...


- ჯანმრთელობის პრობლემა როგორ და როდის დაგეწყო?


- მე 8 წლის ვიყავი, ჩემი და მარიამი - 11-ის, როცა მშობლებმა ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს. იქ სიარული ორივეს ძალიან მოგვწონდა. დაახლოებით, 1 წელი ვიარეთ და ჩემს დას მოულოდნელად პრობლემები დაეწყო - ძალიან ადვილად იღლებოდა და ტუჩები ულურჯდებოდა. მე ამას ვერ ვატყობდი, რადგან პატარა ვიყავი... მასწავლებელმა ჩემი მშობლები გააფრთხილა, იქნებ ექიმთან მიიყვანოთ და გაიგოთ, რა იწვევს ამასო... როცა შეამოწმეს, გულის დაავადება აღმოაჩნდა.


mariam_qarumidze
მარიამი და ქეთი


- რა დაავადება?

- რესტრიქციული კადრიომიოპათია. კარდიომიოპათია სამნაირია, მაგრამ რესტრიქციული შეუსწავლელია. ამას ჯერჯერობით ვერ იკვლევენ. იშვიათი დაავადებაა და მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანს თუ აქვს. მარიამს კარგა ხანს იკვლევდნენ, ბევრ ექიმთან ჰყავდათ. მერე ცეკვებიდან გამოიყვანეს და მხოლოდ მე დავდიოდი. ერთხელაც ექიმმა ჩემს მშობლებს უთხრა, სხვა შვილები, ანუ თქვენი გოგონას და-ძმაც შეამოწმეთო. მაშინ ჩემი ძმა იოანე, რომელიც ახლა 12 წლისაა, ჯერ არ იყო დაბადებული, მარტო მე ვიყავი და მე შემამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გულები გაჭრილი ვაშლივით ერთნაირი გვქონდა... მეც იგივე პრობლემა აღმომაჩნდა.

ქეთი და მარიამი


- მოკლედ, ოჯახში მოულოდნელი საფიქრალი გაჩნდა, ბავშვებს შეუსწავლელი დაავადება დაგიდგინდათ...


- კი. ჩვენი კვლევა, დაკვირვება ჯერ საქართველოში მიმდინარეობდა. პერიოდულად გარკვეულ მონაცემებს უცხოეთშიც აგზავნიდნენ... ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, მაგრამ რაც მშობლებისგან ვიცი, ეს არის... მე არანაირი სიმპტომი არ მქონდა - არც მალე ვიღლებოდი და არც ტუჩები მილურჯდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ცეკვიდან მეც გამომიყვანეს. სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი.


- მკურნალობას გიტარებდნენ?


- რაღაც წამლებს ვსვამდით, ჯანმრთელობას გვიკონტროლებდნენ და ეგ იყო, კვლევით მეტს ვერაფერს გამოიკვლევდნენ, დიაგნოზი სახეზე იყო. მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. თანდათან გაუარესების პროცესი თითოეულთან სხვადასხვანაირად წავიდა. ჩემს დას თრომბოციტოპენია დაემართა. თრომბოციტები დაბლა ეცემოდა და სისხლი უთხელდებოდა. ამის გამო საავადმყოფოში დააწვინეს და მკურნალობას უტარებდნენ.


- გენეტიკური განწყობით ხომ არ იყო თქვენში ეს პრობლემა გამოწვეული?


- გენეტიკური ტესტი ჩატარდა და არ აღმოჩნდა გენეტიკური დაავადება, - საერთოდ არავის ჰქონია და აქვს... გერმანიაშიც გადაიგზავნა ტესტი და არც იქ დადასტურდა, რომ გენეტიკურია. ჩემი დისგან განსხვავებით, მე ასციტი მემართებოდა - მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე მიგროვდებოდა. ამიტომ საავადმყოფოში ყოველდღე დრენაჟს მიდგამდნენ და სითხისგან ნელ-ნელა მცლიდნენ. მაშინ 10-11 წლის ვიყავი.


- ბავშვი იყავი, თამაში, გართობა გინდოდა და ჯანმრთელობის გამო ეს ყველაფერი გეზღუდებოდა. ალბათ განიცდიდი ამას...


- ისეთი ხასიათის ვარ, ძალიან არ მინერვიულია, მაგაზე არ ვფიქრობდი. მეუბნებიან, - ასეთი დამოკიდებულება დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარაო. ჩემი და უფრო ემოციური იყო და ნერვიულობდა.


- საბოლოოდ რაზე შეთანხმდნენ ექიმები, რა დასკვნა გამოიტანეს - რა გამოსავალი მოიძებნა?


- ბოლოს მე უფრო ცუდად ვიყავი, მაგრამ ჩემს დას თრომბოციტების ვარდნის გამო, სისხლის შესასქელებელ წამალს უნიშნავდნენ. სისხლი უცებ რომ უსქელდებოდა, ამას გული ვერ იტანდა და რამდენჯერმე გაითიშა. ერთხელაც დილით სახლში გული წაუვიდა, გონზე კი მოვიყვანეთ, მაგრამ საავადმყოფოში, ღამით იგივე გაუმეორდა, სამწუხაროდ გონზე მოყვანა ვეღარ მოხერხდა და გარდაიცვალა... 16 წლის იყო.


მარიამი


- რა სამწუხაროა ეს ყველაფერი და რა მძიმე მოსასმენი... ფაქტობრივად, დიაგნოზის დადგენიდან 5 წელი იცხოვრა...


- დიახ... ახლა 24 წლის იქნებოდა... მაგ დროს მე 13 წლის ვიყავი, როგორც გითხარით, უმძიმესი მდგომარეობა მქონდა. ჩემს დახმარებას ყველანაირად ცდილობდნენ, სხვადასხვა ქვეყანას მიმართავდნენ, მაგრამ ამ დაავადების მოშორების და თავიდან აცილების ერთადერთი გზა, გამოსავალი გულის გადანერგვაა... ამიტომ ჩემი მშობლები იკვლევდნენ ეს ოპერაციაში რომელ ქვეყანაში კეთდებოდა. ზოგან მხოლოდ თავის მოქალაქეებზე აკეთებდნენ, ზოგან ძალიან ძვირი ღირდა. საქართველოში გულის გადანერგვა არ ტარდება და საბოლოოდ მინსკში, ბელორუსში გამოიძებნა გზა. თუმცა იქაც გულის გადანერგვას 18 წლამდე არ აკეთებენ, მაგრამ როგორღაც მოახერხეს და წამიყვანეს იქ, სადაც 13 წლის ასაკში საოცარი ოპერაცია ჩამიტარდა.



- იმ მდგომარეობაში მყოფისთვის წასვლაც ადვილი არ იქნებოდა - ამისთვის რა ეტაპები გაიარეთ?


- მაგ პერიოდში საავადმყოფოში ვიწექი და ჩემი მშობლები არკვევდნენ ყველაფერს, მერე საავადმყოფოდან გამომიყვანეს და პირდაპირ მინსკში გადამაფრინეს. ფრენა სარისკო იყო, უმძიმესი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ადგილზე რომ ჩამიყვანეს, საფუძვლიანი კვლევისთვის ერთი კვირა კლინიკაში დამაწვინეს. ასევე გულის დონორისთვის საჭირო იყო ჩემი ბაზაში ჩასმა. დრენაჟიც ჩამიდგეს, რომ სითხე ორგანიზმიდან ისევ გამოსულიყო. მერე საავადმყოფოდან გამიშვეს, იქვე სახლი ვიქირავეთ და დონორს ველოდებოდით.


სიტუაცია იმ მხრივაც რთული იყო, რომ მოცულობით პატარა ვიყავი, გული კი დიდი ადამიანის უნდა ყოფილიყო და ჩემი ტანის ზომაზე მორგებული. სისხლის ჯგუფიც ძნელი მოსაძებნი იყო… ამიტომაც სხვა სისხლის ჯგუფის გული შემითავსეს, რომელიც მე მესაჭიროებოდა. დონორი სამ კვირაში გამოჩნდა. ინსულტით გარდაცვლილი, 26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს. მის შესახებ მეტი არაფერი ვიცით, რადგან სხვას არაფერს ამბობენ, ასეთი წესია.



- თავად ოპერაციამ როგორ ჩაიარა და შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდმა?


- თვითონ ოპერაცია არ იყო რთული, 5 საათი მიმდინარეობდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეძინა და არაფერი გამიგია, მანამდე კი, სანამ შემიყვანდნენ, ცოტა ვინერვიულე. ოპერაციის შემდეგაც კარგად ვიყავი, მაგრამ ჩემს გულს ორგანიზმი იმდენად დაზიანებული ჰქონდა, რომ ახალ გულს ვერ აჰყვა და ძალიან დავმძიმდი, რეაბილიტაცია გართულდა. ამის გამო რეანიმაციაში 4 თვე ვიწექი, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გადმოვეყვანეთ და ჯოენის კლინიკაში დამაწვინეს. აქაც ორი თვე ვიწექი, სადაც ორგანიზმისა და გულის ერთმანეთთან შეგუება ნელ-ნელა მოხდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ხანდახან მავიწყდება, რომ ეს ყველაფერი გადავიტანე.



- თანხების მოძიება როგორ მოხერხდა?


- ხალხი ძალიან დაგვეხმარა, ასევე დედაჩემის სამსახური. სულ 100 000 დოლარზე მეტი დაჯდა...


განსაცდელმა, იმ რთულმა დღეებმა კი ის მასწავლა, რომ არ უნდა დანებდე და ხელი არ უნდა ჩაიქნიო, ისეთი სიტუაციებიდან გამოვძვერი, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი და მადლობელი ვარ ადამიანების, რომლებმაც ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. მშობლებმა ხომ საერთოდ თავი გადადეს... ასე რომ, ცხოვრება საინტერესოა.


- ფაქტობრივად შენმა განწყობამ, მშობლების ბრძოლამ და კეთილ ადამიანების თანადგომამ ეს შედეგი მოიტანა, ხომ?


- ასეა... საქართველოში რომ დავბრუნდი, პირველი ბავშვი და პირველი გულგადანერგილი გოგო ვიყავი...